შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბაიდენთან

შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბაიდენთან

30 აპრილს, ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბაიდენთან.

ირაკლი ალასანიამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ნატოში გაწევრიანებისადმი აქტიური მხარდაჭერისათვის. ასევე, თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის პოლიტიკა რეგიონში. ირაკლი ალასანიამ ხაზი გაუსვა აშშ-სა და ევროპის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისა და არსებული გამოწვევების გამკლავებისათვის. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვას. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებისა და ამ კუთხით აშშ-ის აქტიური მხარდაჭერის აუცილებლობას.

საუბრისას მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში თავდაცვის რეფორმების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ავღანეთში ნატოს ISAF-ის მისიაში კონტრიბუციისათვის. საუბრისას ასევე, განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები.