"ვინ ამზადებს ქვეყანაში არეულობას, 17 მაისი ახლოვდება და რაღაც ცუდი სუნი ასდის"

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ანტიდისკრიმინაციული კანონის" გარშემო აგორებულ სკანდალს სოციალური ქსელით ეხმაურება.

"ვინ ამზადებს ქვეყანაში არეულობას... 17 მაისი ახლოვდება და რაღაც ცუდი სუნი ასდის.... ხელისუფლება ამტკიცებს, კიდევ ერთხელ, "ევროპელები ითხოვენო" ანტიდისკრიმაციულ კანონსაო... მაგრამ არც არავინ ხალხს უხსნის თუ რატომ არის ასე გადაუდებლად საჭიროო (და არის კი?) და რა შედის ამაში და ამ დროს კი ვრცელდება, რომ მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს ეხება თურმე ეს კანონი; ამავე დროს არც არავინ უხსნის ევროპელებს - ახლახან ჩამოსულ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს - რომ შესაძლოა უკრაინის ფონზე და იმ დროს, როცა რუსეთი სწორედ აგრესიას ავლენს და ამ თემებით (სხვა რა გააჩნია რომ ვითომ ტრადიციულ მართლმადიდებლურ ღირებულების დამცველად მოგვევლინოს!!!!!) აპელირებს, შეიძლება არც დროული იყოს და არც აუცილებელი აჩქარებული ტემპით ისეთი კანონის მიღება, რომელიც საქართველოში არსებულ პრობლემას არ პასუხობს.... მეორე მხრივ კი ეკლესია თავისი მხრიდან ამ სიტუაციას ამწვავებს და აქით იმუქრება! ამ ორს შორის ხომ ნაცები ურევენ და ურევენ!

რა დროს ესაა?... გვერდით სახლი იწვის... ჩვენი გადარჩენა კი ჩვენ სტაბულირობაზე, ერთად ყოფნაზე, პროვოკაციების და დაპირისპირების აცილებაზე გადის!... ხელისუფლებას თუ ეს არ ესმის და ნეფსით თუ უნებლიედ ხაფანგში ეხვევა, დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება... ასევე ეკლესიას... ყველას დღეს ევალება თავშეკავება, დაფიქრება, სიმშვიდე და ფიქრი მხოლოდ ერთი მიმართულებით: როგორ გავიყვანოთ ქვეყანა, იქეთ მშვიდ სანაპიროზე! ეს ყალბი იდეოლოგიებით - ვინ ვითომ ლიბერალი - და ვინ ვითომ ტრადიციონალისტი - არ ხდება: ერთადერთი გზა სახელმწიფოებრივი შეგნება, შემწყნარებლობა და ქვეყნის აშენება ნგრევის მაგივრად.... ამიტომ ყველამ 17 მაისამდე ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს, გაჩერდეს და ღრმად შეისუნთქოს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შარშან, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თავისუფლების მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ორგანიზებული აქცია უნდა გამართულიყო. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა სასულიერო პირებმა და ათასობით მოქალაქემ მათ აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს.