საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ფორუმის "ერთიანი და თავისუფალი ევროპა" ერთ-ერთი პანელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს დაეთმო.
მინისტრებმა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე ტრანსატლანტიკური საზოგადოების მხრიდან საპასუხო ზომების მიღების საჭიროებაზე ისაუბრეს. დისკუსიაში საქართველოს, ესტონეთის, ჩეხეთისა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრებთან ერთად ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ მიიღო მონაწილეობა.
ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ორდღიანი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა. ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ, ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა და სხვა მაღალი რანგის სტუმრებმა.
პანელზე სახელწოდებით "ერთიანი და თავისუფალი ევროპის ხედვის დაცვა" საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან ერთიანი პოზიციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ალასანიამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე და სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მაპი-ის მინიჭების საკითხზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ალიანსის მხრიდან მკაფიო სიგნალი სჭირდებათ, რომ ისინი სწორ გზაზე დგანან და შესაბამის რეფორმებს ახორციელებენ. როგორც მან აღნიშნა, დასავლეთის მხრიდან რუსეთის ქმედებებზე ერთ-ერთი პასუხი ალიანსის გაფართოება უნდა იყოს. ახალი ქვეყნების გაწევრიანება ალიანსში არსებულ პოლიტიკურ რეალობას დადებითად შეცვლის.
"ატლანტიკური საბჭოს ეს კონფერენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც უკრაინის კრიზისის შემდეგ ამ საკითხებზე ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გამართეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციაზე დეტალურად იყო განხილული, თუ როგორი პასუხი უნდა გასცეს ამ აგრესიას ნატომ და რა ადგილი უნდა დაიკავოს ამ სტრატეგიაში ასპირანტმა ქვეყნებმა, რომლებსაც უნდათ, რომ ნატოს წევრები გახდნენ. ამ მეტად მნიშვნელოვან ფორუმზე საქართველოს საკითხიც იყო განხილული. ჩვენ მოგვეცა საშუალება გვეთქვა, თუ რამდენად არის მზად საქართველო იმისთვის, რომ გახდეს ნატოს მომავალი წევრი და რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ყველა თანხმდება იმაზე, რომ შემდეგი ნაბიჯი სწორედ უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული პროგრესი საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.