ვინ არის ოჯახში უფროსი?

ვინ არის ოჯახში უფროსი?

ყველაზე მოყვარული და ერთმანეთზე „გადარეული“ ცოლ-ქმარიც კი ჩხუბობს პირველობისთვის. ეს შეუცნობლად ხდება. მით უმეტეს, თუ ორივე შინაგანად ლიდერია და ამას კარგად ვერ აცნობიერებს.

ვინ არის ოჯახში უფროსი?! - ეს მარადიული კითხვაა და მარადიული თემა პოლემიკისთვის. ერთი შეხედვით, საკამათო არაფერი უნდა იყოს. ტრადიციას თუ მივყვებით, ოჯახის უფროსი მამაკაცია და ამაზე ქალმა აღარ უნდა იდავოს. მაგრამ, როცა ქალი კაცის ფუნქციებსაც იტვირთებს, მას ნელ-ნელა პრეტენზიებიც უჩნდება.

„რატომ უნდა იყოს საბოლოო სიტყვა ქმარზე, თუ ოჯახის ბიუჯეტს მე ვავსებ?! ან რატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმან, როცა მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა?!“ - სიტუაცია გართულდა. შეიძლება, აქ ჩხუბის გარეშე „გადარჩეთ?“ - შეიძლება.

პირველობისა და ლიდერობისთვის ბრძოლა ოჯახში მხოლოდ ნეგატივს შობს. ჯობია, პასუხისმგებლობა თავიდანვე სწორად და თანაბრად გადანაწილდეს. ავტორიტეტი საკუთარ „მოედანზე“ უნდა იყოთ. არ არის აუცილებელი, მეუღლის კომპეტენციებში „შეიჭრათ“. აცადეთ, თავისი საქმე აკეთოს და იქ „ილიდეროს“. თუ რაღაც არ გამოსდის, წაახალისეთ და წააქეზეთ. იმის ნაცვლად, რომ ავტორიტეტი საბოლოოდ დაუკარგოთ.

ურთიერთგაგებისთვის კარგი ფრაზაა: „თუ სწორად მესმის შენი...“ - ერთი შეხედვით ამ სიტყვებში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ კარგად „მუშაობს“.

ჩხუბი თუ არ გინდათ, უნდა მოუსმინოთ და გაუგოთ პარტნიორს, ან აჩვენოთ, რომ ამის სურვილი გაქვთ. საკუთარი აზრი კი, მკაფიოდ და ყოველგვარი აგრესიის გარეშე გამოხატეთ.