ფონდ „ქართუს“ დირექტორი ქართულ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს. ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ზოგიერთი მედიასაშუალება ბიძინა ივანიშვილის მიერ დააარსებულ საქველმოქმედო ფონდს მიზანმიმართულად ებრძვის და მკითხველი და მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს.
აგროპროექტი, ბათუმში მშენებარე რაგბის მოედანი და საჩხერის საავადმყოფო, - ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც ფონდის დირექტორმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე კონკრეტული განმარტებები გააკეთა. ნიკოლოზ ჩხეტიანის განმარტებით, სწორედ, აღნიშნულ თემებს ეხებოდა 26 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერით გადაცემული რეპორტაჟი.
„ფონდ „ქართუს“ რამდენიმე პროექტის აღწერაც კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს მადლიერების გრძნობა გაუჩნდეს იმ საქმიანობისადმი, რომელსაც ჩვენ ვეწევით. ნაცვლად ამისა, „რუსთავი 2“-ის ცინიზმი იქამდე მიდის, რომ ლამისაა დანაშაულად ჩაუთვალოს მოღვაწეობა ფონდ ,,ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს“, - განმარტავს ნიკოლოზ ჩხეტიანი.
ფონდის დირექტორის ინფორმაციით, „ქართუმ“ აგროპროექტის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა რაიონში შექმნა ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობები და გლეხებსა და ფერმერებს ხეხილისა და ვაზის ახალი პერსპექტიული ჯიშები უფასოდ დაურიგა, საქართველოში პირველად კარტოფილის სამი ახალი ქართული ჯიში - „მესხური“, „მესხური წითელი“ და „ჯავახური“ გამოიყვანა და ქართველი ფერმერები მას მომავალი წლიდან მიიღებენ. ფონდის მიერ შექმნილი მძლავრი აგროცენტრი კი უძრავ-მოძრავი ქონებით სახელმწიფოს გადაეცა და სახელმწიფოს უფლება აქვს, აღნიშნული ცენტრი შეინახოს, ან მისი პრივატიზაცია განახორციელოს და ამით მრავალმილიონიანი შემოსავალი მიიღოს.
რაც შეეხება ბათუმის რაგბის სტადიონს, ნიკოლოზ ჩხეტიანის განმარტებით, რაგბის სტადიონების ქსელის მშენებლობა ფონდის კეთილი ნებით ხორციელდება და აბსურდია იმაზე საუბარი, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ამ მხრივ, ვალდებულებები სახელმწიფოს გადააბაროს.
საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსების საკითხზე კი ფონდ „ქართუში“ აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით ამოქმედებული საყოველთაო დაზღვევის პირობებში ფონდის სადაზღვევო პროგრამა ზედმეტი აღმოჩნდა.
„რომ არ მომხდარიყო პროგრამების დუბლირება და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, ფონდმა 2014 წლიდან შეაჩერა საჩხერის რაიონის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა. თუმცა ფონდი კვლავაც აგრძელებს საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსებას. 2014 წელს არსებული გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში, ამ მიზნისათვის გამოყოფილია შესაბამისი სახსრები, რომელიც ხმარდება პერსონალის ხელფასებს, მედიკამენტებისა და ახალი აპარატურის შეძენას. გარდა აღნიშნულისა, ფონდი მიმდინარე წელსაც აფინანსებს ახალი სამედიცინო ბლოკების მშენებლობას“,- აცხადებს ნიკოლოზ ჩხეტიანი.
ფონდ „ქართუს“ დირექტორმა კონკრეტული განმარტებების შემდეგ მიმდინარე საქველმოქმედო პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ურეკში, „ციცინათელას“ პარკიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში 10 ათას მაყურებელზე გათვლილი დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა ამ წლის ბოლოს, აღჭურვა კი 2015 წელს დასრულდება.
„დარბაზი აღჭურვილი იქნება გადახსნადი სახურავით და საქართველოს შესაძლებლობა ექნება, უმასპინძლოს საერთაშორისო ფესტივალებს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და დამატებითი ინვესტიციის მოზიდვას“, - აცხადებს ჩხეტიანი.
ფონდ „ქართუს“ დირექტორმა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ საქმიანობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. იგი „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორიცაა და ამ თანამდებობაზე დაახლოებით თვენახევრის წინ დაინიშნა.
ჩხეტიანის განმარტებით, „მოქალაქემ“ უკვე გააფორმა ხელშეკრულება საერთაშორისო კომპანია TNS-სთან და უახლოეს დღეებში ქართული მედიაგარემოს შესწავლას დაიწყებს.
„მოლაპარაკებების შედეგად შევარჩიეთ უმძლავრესი, მსოფლიო დონის კორპორაცია TNS, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს, მისი დამკვეთები არიან როგორც სახელმწიფო, ისე საჯარო სექტორის უმსხვილესი კორპორაციები მსოფლიოში. აღნიშნული პროექტი დაქოქვის სტადიაშია, ხელშეკრულება გაფორმებულია. კვლევის შედეგები სამ თვეში დაიდება, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს პერმანენტული პროექტი მინიმუმ ერთ წელს გასტანს“, - აცხადებს ნიკოლოზ ჩხეტიანი. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში კონკრეტული პროექტი ამოქმედდება იმ ჟურნალისტებისთვისაც, რომლებმაც ტრენინგის ჩატარების სურვილი გამოთქვეს და „მოქალაქეს“ მიმართეს. ჩხეტიანი აცხადებს, რომ ამ მიზნით, ორგანიზაციას ათეულობით მედიასაშუალება გამოეხმაურა.
„მოქალაქე“ ჟურნალისტების გარდა კონკრეტულ საგანამანათლებლო პროექტებს სკოლის მოსაწავლეებისთვისაც გეგმავს და საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო განათლების დარგში ოლიმპიადის გამართვას აპირებს.