დღეს, თავდაცვის სამინისტროში „კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების“ თემაზე საპილოტე კურსი დაიწყო. სასწავლო კურსი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქაროსანიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გახსნეს. ტრეინინგის მიზანი სამინისტროს წარმომადგენლებისთვის თავდაცვის სფეროში არსებული კორუფციული რისკებისა და მათი პრევენციების მექანიზმების გაცნობაა.
კურსი თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და თავდაცვის სისტემის მმართველობითი რგოლის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვის არის განკუთვნილი.
„კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების“ კურსი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის მიერ შემუშავდა. პროექტი ხორციელდება ნატოს, დიდი ბრიტანეთის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთის“ მხარდაჭერით. კურსის ტრენერები არიან როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მოწვეული ექსპერტები იუსტიციის სამინისტროდან და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“.
საპილოტე კურსის დახვეწის შემდეგ, სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი თემატიკის ტრეინინგების ჩატარება კვარტალში ერთხელ იგეგმება. მომავალში მას უსაფრთხოების სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გაივლიან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2012 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნატოს „კეთილსინდისიერების ამაღლების“ (Building Integrity - BI) პროგრამაში. ამ პროგრამის მიზანი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში კორუფციის პრევენციის, გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერებაა.