ირანში ყოველგვარი განმარტების გარეშე აკრძალეს პოპულარული ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს წიგნების დაბეჭდვა. ამის შესახებ თავად მწერალი საკუთარი ბლოგის საშუალებით იტყობინება.
ინფორმაცია პუბლიკაციების აკრძალვის შესახებ კოელიოს მისმა ირანელმა გამომცემელმა მიაწოდა, რომელმაც ამავე დროს მწერალს შესთავაზა, სპარსულ ენაზე ნათარგმნი მისი ნამუშევრები ინტერნეტის საშუალებით გავრცელდეს. კოელიოს სიტყვებით, იგი გამომცემლის ინიციატივას დათანხმდა.
მწერლის ინფორმაციით, 12 წლის განმავლობაში ირანში მისი 6 მილიონი წიგნი გაიყიდა და ისინი სხვადასხვა მთავრობის დროს გამოიცემოდა, ამიტომ ახლანდელ აკრძალვას კოელიო მხოლოდ გაუგებრობით ხსნის.
ამასთან, პაულო კოელიომ მხარდაჭერისთვის ბრაზილიის მთავრობას მიმართა. მომხდარი უკვე დაგმო ქვეყნის კულტურის მინისტრმა. 2005 წელს კოელიოს უკვე ჰქონდა კონფლიქტი ირანის ხელისუფლებასთან, რომელმაც თეირანის წიგნის ბაზრობაზე მისი რომანის "ზაირის“ ტირაჟის კონფისკაცია მოახდინა.
პაულო კოელიო რომან “ალქიმიკოსის“ ავტორია, აღნიშნული წიგნი გინესის რეკორდსმენი გახდა ავტორის სიცოცხლეში შესრულებული თარგმანების რაოდენობის მიხედვით. რომანი მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე გაყიდვად ლიტერატურულ ნაწარმოებად იქცა. მწერალს სულ 30–მდე წიგნი აქვს გამოცემული, რომლებიც 150 ქვეყანაში 300 მილიონზე მეტი ტირაჟით გამოვიდა.