ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტთან დაკავშირებით ივანიშვილმა უმრავლესობას ინიციატივის მიღება ურჩია

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტთან დაკავშირებით ივანიშვილმა უმრავლესობას ინიციატივის მიღება ურჩია

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარლამენტს კანონპროექტის განხილვის გადადებას სთხოვს, მმართველი გუნდი კი, ცვლილებების მიღებისთვის ემზადება.

for.ge-ს ინფორმაციით, უმრავლესობამ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტზე 25 აპრილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელა და დახურულ სხდომაზე, ცვლილებებს მხარდაჭერა გედევან ფოფხაძის გარდა, ყველა დეპუტატმა აღუთქვა.

როგორც for.ge-ს კულუარულ საუბარში ერთ-ერთმა კანონმდებელმა განუცხადა, მმართველ გუნდში მზადყოფნაა, რომ ცვლილებები მესამე მოსმენით იქნეს დამტკიცებული.

„უმრავლესობის სხდომაზე, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე უფრო მეტი იმსჯელეს, ვიდრე საარჩევნო სიაზე. ცვლილებებს გედევან ფოფხაძის გარდა, მხარს ყველა დეპუტატი უჭერს. მათ შორის, პროექტი დადებითად შეაფასა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც მოგვიწოდა, რომ პარლამენტმა ინიციატივა მიიღოს“, - აცხადებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი.

მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს ხვალ, მეორე მოსმენით მუხლობრივად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს და საჯაროდ, თუ რა შეფასებას გააკეთებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე, ეს ხვალ გახდება ცნობილი, მაგრამ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარლამენტს ცვლილებების გადადებას სთხოვს.

პატრიარქის განცხადება დღეს, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გაახმოვანა, რომლის ცნობითაც, ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს მომაკვდინებელ ცოდვად სამართლიანად მიიჩნევს, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს, ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად თვლის.

„საქართველოს ეკლესია ძალადობასა და დისკრიმინაციას მიუღებლად მიიჩნევს, რადგან ქრისტიანული რელიგია სიყვარულის რელიგიაა და მისი სწავლება სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კი, კონსტიტუციაში არარსებული ცნებების „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები დღეს არსებული კანონმდებლობით ისედაც თანაბრად დაცულია“, - აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარლამენტს მიმართავს, უზრუნველყოს ეკლესიისა და ფართო საზოგადოების ჩართულობა პროექტის განხილვაში, რათა შეთანხმება მიიღწეს და ნაჩქარევმა ქმედებამ უარყოფითად არ იმოქმედოს ევროპისაკენ ქვეყნის სწრაფვაზე.

„საზოგადოების აზრით, ეს კანონპროექტი ყველა რელიგიის აღიარებული ძირითადი თეორიის ეჭვქვეშ დაყენებას იწვევს, რაც თავის მხრივ, საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის საშიშროებას ქმნის. ევროკავშირი განსხვავებული ერებისა და რელიგიების გამაერთიანებელ მრავალფეროვან სივრცეს წარმოადგენს, რომელიც აცხადებს, რომ აღიარებს სხვადასხვა ხალხების კულტურასა და ტრადიციებს, საქართველოსთან მიმართებაშიც მზად არის გაითვალისწინოს და პატივი სცეს ჩვენს ფასეულობებს. აღნიშნული კანონპროექტის მოთხოვნები ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მმართველ გუნდში შეფასებები მოჰყვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს პროექტის განხილვის შეჩერება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

კანონმდებელის განცხადებით, პროექტის საკმარისად ხანგძლივი განხილვა იყო და განხილვის პროცესს ყველას შეუძლია დაესწროს.

„განხილვის შეჩერება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. განხილვა იქნება და ყველას შეუძლია მას დაესწროს და თავისი სათქმელი თქვას“, - აცხადებს ხმალაძე, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

საკითხზე ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უფრო ვრცლად საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის გასაგებია ის წუხილი, რასაც პატრიარქი გამოთქვამს.

„პატრიარქის მიმართ უაღრესად ღრმა პატივისცემას ვადასტურებთ, მაგრამ ამ კანონით, ადამიანებისთვის რაიმე ახალი უფლების მინიჭება არ ხდება. აქ რაიმეს პროპაგანდასა და წახალისებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. კანონის გათვალისწინებით, ამ ქვეყანაში ადამიანების ჩაგვრა და წამება იმის გამო არ უნდა ხდებოდეს, რომ ისინი არიან განსხვავებულები. დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და თუ გვინდა, რომ ისეთი ქვეყნების რიგებში ჩავდგეთ, სადაც ადამიანებს მათი განსხვავებულობის გამო არ ჩაგრავენ, ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ“, - აცხადებს კობახიძე, რომლის მსგავსად, კანონპროექტზე ვრცლად, მაგრამ დიპლომატიურად საუბრობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

ეკა ბესელიას თქმით, უმრავლესობა აპირებს, რომ ძალიან გულისხმიერად, ყურადღებით და სიღრმისეულად განიმარტოს - კანონპროექტის ყველა მუხლის ქვეშ თუ რა იგულისხმება.

„მთავარია, საზოგადოება იყოს ინფორმირებული თუ რა ტიპის კანონპროექტს ვღებულობთ. კარგი იქნება თუ განხილვებში საპატრიარქო ჩაერთვება. ადამიანი არცერთი ნიშნით არ უნდა დავჩაგროთ და ეს არის საერთო განწყობის მატარებელი, დანარჩენი კი დეტალებს შეეხება და იმედი მაქვს, რომ პოზიციები შეჯერდება. კანონპროექტში არცერთი ნორმა არ იქნება ეკლესიის საწინააღმდეგოდ გამოყენებული“, - დასძენს დეპუტატი.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, საპატრიარქოს გარდა, პრეტენზიებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოთქვამენ, რომლებიც კანონის ნორმების დარღვევის სანაცვლოდ, ფულადი სანქციების დაწესებას ითხოვენ.

მმართველი გუნდი არასამთავროების რეკომენდაციების გაზიარებას არ აპირებს და იმაზე აპელირებს, რომ ცვლილებებით, სისხლის სამართლებრივი სანქციები შემოდის.

საბოლოო ჯამში, თუ რა ფორმით იქნება მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, ამის პროგნოზი რთულია, რადგან პირველი მოსმენით განხილვისას, პროექტიდან იმ სფეროების ჩამონათვალი იქნა ამოღებული, რომელზედაც კანონის ნორმები უნდა გავრცელდეს.

რაც შეეხება ცვლილებებს, მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები ერთი მხრივ, დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობებს განსაზღვრავს, მეორე მხრივ კი, დისკრიმინაციის შემთხვევაში სანქციებს აწესებს.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა რასის, კანის, ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

პროექტით, დისკრიმინაციად ჩაითვლება - ნებისმიერი სახის შევიწროვება, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს პირის ან პირთა ჯგუფისთვის მტრული, დამაშნებელი, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან სხვა სახის შეურაცმყოფებლი გარემოს შექმნას.

კანონპროექტით, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას მესამე პირის მიმართ, დისკრიმინაციის განსახორციელებლად.

ინიციატივით, დისკრიმინაციის საკითხებზე ზედამხედველობას ომბუდსმენი განახორციელებს, რომელიც განიხილავს - იმ პირთა საჩივრებს ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. ამასთანავე, პროექტით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის მსხვერპლს და შესაძლო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს მოიწვევს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში სახალხო დამცველის უფლებამოსულების გაწერის პარალელურად, დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებები კონკრეტდება და ნათქვამია, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლებამოსილია სარჩელი შეიტანოს სასამართლოში იმ დაწესებულების, პირის წინააღმდეგ, რომელმაც მისი აზრით დისკრიმინაცია განახორციელა.

მართალია, კანონპროექტი ფულად ჯარიმებს არ აწესებს, მაგრამ დისკრიმინაციის ფაქტებზე სისხლის სამათლებრივი სანქციები შემოდის.

კერძოდ, კანონპროექტით, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რასის, კანის, ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაეთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

პროექტით, იგივე ქმედება თუ ჩადენილი იქნება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანანმდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ამასთანავე, პროექტით, რასობრივი დისკრიმინაცია, ანდა ამავე ნიშნით ადამიანისთვის უპირატესობის მინიჭება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნა სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისასთვის საშიში ძალადობით - ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა უფლებებიც.

პროექტით, ინვალიდობის მოტივით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე უარის თქმა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდული ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. ამასთანავე, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება არაერთგზის, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვის ვადით ხუთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.