კომპენსაციების ამოწურვით, დევნილები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

კომპენსაციების ამოწურვით, დევნილები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

[დავით კირვალიძე]

ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებისათვის კომპენსაციებს აღარასოდეს გასცემს. ამდენ ხანს სუბელიანის უწყება დაუზუსტებელ სიებს იმზეზებდა, ახლა დააზუსტა, რომ “კომპესაციების თემა ამოწურულია და რეგიონებში საცხოვრებელი ფართების განაწილება მიმდინარეობს”.

აი, ასე ერთბაშად გადაუწურა იმ ადამიანებს იმედი, რომელებიც თანხის მიღების უმნიშნვნელო შანსს ებღაუჭებოდნენ. 

კომპენსაციების თემა სუბელიანმა დახურულად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ დევნილთა სამინისტროს კომპენსაციის გასაცემად 40 დევნილი ოჯახის სია გადასცა. მან დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კანცელარიაში მინისტრის კობა სუბელიანის სახელზე ოფიციალური მიმართვა ჩააბარა, რომელსაც თან 40 დევნილი ოჯახის სია ერთვოდა. 

როგორც გაბუნიამ განაცხადა, ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებისათვის საკომპენსაციო თანხის გაუცემლობის მუდმივ მიზეზად დევნილთა სიების დაზუსტებას ასახელებს. ამიტომაც სამინისტროს გაუადვილეს საქმე და თავად მიუტანეს იმ დევნილი მოქალაქეების სიები, რომელთაც სახელმწიფოსგან კომპენსაცია ეკუთვნით. სიების სამინისტროსთვის გადაცემის პროცესს თავად დევნილებიც ესწრებოდნენ. 

მოულოდნელად საკრებულოს დეპუტატის ქმედება დევნილთა სამინისტროს რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლევან სიგუა მალევე გამოეხმაურა და მოსალოდნელი განცხადება გააკეთა. სიგუას თქმით, სამინისტროში ოპოზიციამ სამინისტროსვე გაკეთებული სიები მოიტანეს, რაც მათი მხრიდან არასერიოზული საქციელია. რაც შეეხება კომპენსაციის გაცემას, სიგუამ აღნიშნა, რომ 10000 დოლარის კომპენსაცია გათვალისწინებული იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილებისათვის კოტეჯების სანაცვლოდ და იგი აღარ გაიცემა. 

მოგვიანებით სუბელიანის უწყებიდან ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, “იძულებით გადაადგილებულ პირთა_დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის N403 განკარგულებით დამტკიცებული “იძულებით გადაადგილებულ პირთა_დევნილთა მიმართ 2009-12 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის” შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილებს საცხოვრებელი ფართებით. 

“რაც შეეხება საცხოვრებელი ფართების სანაცვლოდ 10 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ე.წ. საკომპენსაციო თანხას, ეს არ არის დანაკარგის კომპენსაცია, ეს იყო კოტეჯის სანაცვლოდ დაშვებული ალტერნატივა და გამოყენებული იყო, როგორც განსახლების ალტენატიული, გამონაკლისი ღონისძიება. 

ეს ღონისძიება დასრულებულია, რადგან გამოყენებული იყო, როგორც განსახლების ალტერნატიული, გამონაკლისი ღონისძიება და გავრცელდა მხოლოდ, 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შემდგომ, უსახლკაროდ დარჩენილ იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომლებსაც ჰქონდათ დანაზოგი და სახელმწიფოს მიერ დამატებული კომპენსაციით შეძლეს საცხოვრებელი ფართების შეძენა”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

დევნილთა ოჯახებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი და დარჩენილი არიან უსახლკაროდ, სამინისტრო სთავაზობს რებილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს საქართველოს რეგიონებში, საკუთრებაში გადაცემის პირობით. 

“იმედს ვიტოვებთ, რომ თავშესაფრის არმქონე ადამიანები სამინისტროს მიმართავენ, სახელმწიფოს შეთავაზებით ისარგებლებენ და რეგიონებში ფართებს მიიღებენ. რა თქმა უნდა, შეთავაზებაში ის ოჯახები იგულისხმება, რომლეთაც საცხოვრებელი ფართი, ანუ სახლ-კარი არ გააჩნია. ე.წ. კომპესაციების თემა ამოწურულია და რეგიონებში საცხოვრებელი ფართების განაწილება მიმდინარეობს”, - აღნიშნულია განცხადებაში.