ნატოს 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დებატები (ვიდეო)

ნატოს 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დებატები (ვიდეო)

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „დებატები ნატოს  შესახებ“ გაიმართა. ღონისძიება, GIPA-ს სტუდენტების მონაწილეობით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან 65 წლის იუბილეს მიეძღვნა.

დებატებში მონაწილე გუნდები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის წევრმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა დებატებში მონაწილე  ახალგაზრდებს ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ დათვალიერება შესთავაზა, სადაც ქართველი სამხედროები ნატოს ეგიდით ავღანეთში ISAF-ის მისიისთვის მოსამზადებელ წვრთნას გადიან. სტუდენტებმა თავდაცვის სამინისტროს, მიწვევისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეროვნული სასწავლო ცენტრის მონახულება მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება.

დებატები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით გაიმართა. GIPA-ს სტუდენტებმა საპარლამენტო ტიპის დისკუსია გამართეს, სადაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პოლიტიკის საკითხები განიხილეს. სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი და ორი გუნდიდან დებატების საუკეთესო  მონაწილე გამოავლინა. დასასრულს, სტუდენტებს მონაწილეობის  დამადასტურებელი სერთიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

სპეციალური ჟიურის წევრები იყვნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე და GIPA-ს რექტორი მაკა იოსელიანი.