პატრული ამას არ გააკეთებდა! - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

პატრული ამას არ გააკეთებდა! - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

თვე მთავრდება და საოცრება ხდება! დენის ქვითრები, არავის არ მისვლია... სამაგიეროდ, თოვლი მოვიდა. ასე მონატრებული თოვლი – ბავშვებს რომ უხარიათ და ჩვენ ასმაგად გვაფორიაქებს. ზამთარი გადის, თოვლი ახლა მოვიდა, ახალი წლები კარგა ხანია გასულია და სწორედ ამ პერიოდში აქვს ხალისი უბრალოდ, გლეხურად ქეიფს...

 

ქართულ ინტერნეტფორუმებზე კი, თოვლისა რა მოგახსენოთ და, გულგრილობა ნამდვილად შესამჩნევია. გულგრილობაზე ადვილი დასანახი ხომ არაფერია...

 

Chombe: “დენის ქვითრები არავის მოგსვლიათ? ეშინიათ არამზადებს, იმ გაერთიანებული ქვითრებით ეგვიპტე არ დაიტეხონ საკუთარ  თავებზე?

 

ესეც თქვენი გაბედული და შემართული ხელისუფლება! ანცულიკებო, ხომ არ “ჩაფახდით“, რატომ არ აღასრულებთ თქვენივე მიღებული კანონებს?! აბა, ერთი სცადეთ...“.

 

ამ დროს მართლაც მოსული არ იყო ქვითრები, მაგრამ არ მგონია, თრთოდნენ მაგის გამო...

 

“ვინ არის კორუმპირებული“? სააკაშვილი ამის თქმის დროს ვითომ გულწრფელი იყო?

 

Mdogvi: “ახლახანს კიდევ ერთხელ ვუყურე პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოვლწლიური ანგარიშის კადრებს და დავრწმუნდი, რომ სააკაშვილი აბსოლუტურად გულწრფელად თხოვდა ჩახვაძეს კორუმპირებული ჩინოვნიკის დასახელებას.

 

უფრო მეტიც - წონადი არგუმენტების არსებობის შემთხვევაში ის მზად იყო იქვე, ტელეეკრანებთან მჯდარი მაყურებლების თვალწინ მოეხსნა რომელიღაც ჩინოვნიკი. მაგრამ ჩახვაძემ იდედლა. ყველაზე იმედგაცრუებულად სააკაშვილი მომეჩვენა. “სულ ესა ხართ?” - ეს იკითხებოდა მის შემდგომ ჟესტიკულაციაში.

 

შეიძლება ეს ჩემი სურვილია სააკაშვილი გულწრფელი ყოფილიყო. შეიძლება მართლა გულწრფელი იყო. თქვენ რას იტყვით?“.

 

არც ისე გამოუცდელი ბიჭუნაა ჩახვაძე, რომ არ ცოდნოდა მიშიკოს რა რეაქცია ექნებოდა. კაკალ თვალებში უყურებდა სააკაშვილი...

 

სად ჯობია წავიდეთ? რომელ ქვეყანაში, რომელ კონტინენტზე, როცა ჯოჯოხეთიდან სულ წასვლა გინდა...

 

Badrijan: “ყველა სასუნთქი გზა გადამიკეტა ჩემმა ხელისუფლებამ და ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავალიც მოსპო. ბევრი ადამიანია ასე სამწუხაროდ. მე ჯერ ახალგაზრდა ვარ ვფიქრობ არ გამიჭირდებოდა ადაპტაცია უცხო ქვეყანაში.

 

მათ ვინც უცხოეთშია ან ფლობს რაიმე ინფორმაციას, გთხოვთ გვირჩიოთ ჯოჯოხეთიდან გამქცევებს. საინტერესოა, სად ღირს დღეს ცხოვრება: ევროპა, ამერიკა, ავსტრალია აფრიკა, ჯანდაბა, თუ დოზანა? თემა ძირითადად ეხება სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას დედამიწის სხვადასხვა “კუნჭულებში” და იმას სად გაძლებს ადამიანი რომ იცხოვროს და არა მხოლოდ იცოცხლოს“.

 

1. გაყიდე ბინა თბილისში

2. იყიდე ახალციხის რაიონის რომელიმე სოფელში სახლი თავისი ნაკვეთით

3. იყიდე ფრინველი, პირუტყვი, და სხვა...

4. იშრომებ საჭმელი არ მოგაკლდება...

5. ქალაქელი ხარ? და არ გინდა შენი ჯიშ–ჯილაგი სოფლად დასახლდეს?

 

ბოლოს და ბოლოს, ევროპა ვართ თუ აფრიკაზე უარესები?

 

MONTY: “ევროპის უმეტეს ქვეყნებში მიხვდნენ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი არ არის სასარგელო და მომხმარებელს მისცეს უფლება, რომ თვითონ გადაწყვიტოს იყიდოს თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტი - შედარებით იაფად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი - ცოტათი ძვირად.

 

სახელმწიფოებმა მოითხოვეს, რომ მეწარმეებმა პროდუქტზე დააწერონ პროდუქტის სრული შემადგენლობა და არის თუ არა გენმოდიფიცირებული ან ეკოლოგიურად სუფთა. ჩვენთან როდემდე უნდა იჯდნენ ჭურში და როდის უნდა მოხდეს მსგავსი ქმედებების განხორციელება რაც უკვე დიდი ხნის უკან განახორციელა უამრავმა ქვეყანამ?!  რატომ არ იცავს სახელმწიფო საკუთარ მოსახლეობას ?! რატომ დუმხართ ყველანი?“

 

მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები რომ არა, ნახევარი აფრიკა შიმშილითა ამოწყდებოდა.  

 

რუსეთში ამერიკელი კოვბოები მეცხოველეობის განვითარებისათვის არიან მიწვეულნი...

 

Giorgi001: “რუსეთში, ვორონეჟის რაიონში ჩაყვანილია 1300 სული სპეციალური ჯიშის ამერიკული ძროხა. ამასთან ერთად, ჩასულნი არიან კოვბოები, რომელნიც მეცხოველეობის განვითარებას მიჰყოფენ ხელს, დაეხმარებიან რუს მოსახლეობას. ამ დროს კი ჩვენ ვიღაცა ბურებს ვეპატიჟებით საქართველოში და იგნორირებას ვუკეთებთ ამერიკის უდიდეს გამოცდილებასა და წარმატებებს სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებში.

 

რას იტყვით ხალხო, ხომ არ აჯობებდა რომ ჩვენც გაგვეზიარებინა ამერიკელების წარმატებების "წამალი" და მიგვეღო მათი რჩევები, გადაგვემზადებინა ქართველი გლეხობა უფასო ტრენინგებით, სუბსიდირებით გადაგვეცა მათთვის უკეთესი ჯიშის მსხვილფეხა საქონელი ვიდრე ეხლა ჰყავთ და ასე შემდეგ...“.

 

მშვენიერი და ნაყოფიერი მიწების ვერამთვისებელ რუსებს ვითომ ამერიკელები უშველიან რამეს? მეტი არაა ჩემი მტერი...

 

თქვენ ხომ არ იცით, რა ხალხი მუშაობს ჩვენს საკონსულოებსა და საელჩოებში, საზღვარგარეთ?!

 

Witcher: “2-3 დღის უკან, ჩემი ერთი ნათესავის ქმარს ველაპარაკე. კაცი აშკარად მაგარი გაბრაზებული იყო. ამერიკელია და საქართველო უყვარს, თითქმის ყოველ წელს ჩამოდის. ამჯერად, ცოლის თხოვნით, საქართველოს საკონსულოში ნიუ-იორკში შეუვლია რაღაც საქმეების გასარკვევად.

 

გიყვებით მისი სიტყვებით: “შევდივარ საკონსულოში და ვკითხულობ კონსულს, მხვდება ვიღაც სუფთა “პედიკის“ ქცევებით ტიპი. ლაპარაკობს დამტვრეული ინგლისურით. რომ ვთქვი, თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ საქართველოში-მეთქი, გადაირია, მანდ რა გინდა, ძლივს გამოვიქეცი, ოთხი წელია არ ვყოფილვარ, არც მენატრება და არც ჩავალ უკან არასოდესო”.

 

მოკლედ, აძაგა საქართველო, სანამ ამ კაცმა, (ამერიკელმა) არ შეაწყვეტინა და “თავზე  არ დაახურა“. ასეთი ხალხი მუშაობს ჩვენს წარმომადგენლობებში? ამათმა უნდა შეუქმნან უცხოელებს ჩვენზე წარმოდგენა და ესენი არიან ჩვენი სახე და წარმომადგენლები? მსგავს ტიპთან შეხვედრის შემდეგ, რომელ ნორმალურ ადამიანს მოუნდება საქართველოში ჩამოსვლა თუნდაც ტურისტად? არ არის ეს შეგნებული მავნებლობა?“.

 

საელჩოების და საკონსულოების ოჯახების უდიდესი ნაწილი უცხოეთშია და დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ. მათი ოჯახის წევრების დიდი ნაწილი საქართველოში ნამდვილად არ აპირებს ცხოვრებას.

 

ერთ–ერთი ფორუმელი მოითხოვს, რომ აიკრძალოს შევარდნაძის ხსენება!

 

Jangi: “რევოლუციიდან 8 წელი გავიდა უკვე. აღარ დაიღალეთ?! მინდა “მიშისტებს“ შევახსენო: ედუარდი ჰქვია მიშას შვილს (არ დამიწყოთ ახლა პაპის სახელიაო, ქართველი პირველ შვილს ცოლის მამის სახელს არ არქმევს). ბარამიძე, მაჭავარიანი, წერეთელი, გოგორიშვილი, სააკაშვილი... და ა.შ. მოქკავშირის ბურჯები იყვნენ.

 

მინდა “ოპოებს“ შევახსენო: გამყრელიძემ ედიკას შეწევნით იშოვა ფული. დავითაშვილმა  2000 წელს თქვა, მილიონ ხელმოწერას შევაგროვებთ ედიკას სასარგებლოდო. “გრეჩიხა“ და ძმანნი მისნი ედიკას დროს გამდიდრდნენ. ნოღაიდელზე და ბურჯანაძეზე ლაპარაკი ზედმეტია... ასე რომ, ყველა გასვრილ–ჩასვრილი ყავს ბაბუს და შეეშვით რა!“.

 

გრიგოლი დაგავიწყდათ, ვაშაძე... საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა 8 წელი...

 

კონიუქტურის ვირთხები და ლეგალური იუმორი...

 

Chegesto: “არავისთვის უცნობი არ არის, დღეს სატელევიზიო არხების დებილიზაციისკენ მიდრეკილება. ჩვენ გვკარნახობენ რას უნდა ვუყუროთ, რას უნდა ვუსმინოთ, რაზე უნდა გაგვეცინოს, ვისი აზრი უნდა იყოს ჩვენთვის ამოსავალი წერტილი...

 

აქ საზოგადოების აზრი მეორეხარისხოვანია, ვინაიდან რესურსები მხოლოდ ერთი მცირე ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო კონიუქტურულ დეტალებზე. რეჟიმს ჰყავს თავისი:

 

მუსიკოები,

მსახიობები,

ჯამბაზები,

სპორტსმენები,

ტელეწამყვანები,

"ინტელექტუალები",

ბიზნესმენები,

და ა.შ...

 

ესე იგი, აქ კონკურენცია არ არსებობს. მთავარი კრიტერიუმი გახლავთ ამა თუ იმ სფეროს მოხელე “ნაჩალნიკი“ აზროვნებდეს მმართაველი პარტიის დღის წესრიგის შესაბამისად“.

 

სხვათა შორის კარგად აუღეს ალღო ამ მოცემულობას ამხანაგებმა. სულ ერთი და იგივე მოსაწყენი და უნიჭო სახეები, სულ ერთი და იგივე უნიჭო და მოსაწყენი ხედვები...

 

პატრულის მორიგი გმირობა! მანქანით ქალს დაეჯახნენ!

 

novalis06: “დღეს დღისით-მზისით გლდანში მარიამის პირდაპირ, ბევრი ადამიანი შეესწრო ამ ფაქტს: პატრული მოძრაობდა საკმაოდ დაბალი სიჩქარით, შემდეგ რატომღაც გაურკვევლად სწრაფად “დაზადნეს“ და გაჩერებაზე მდგარ 70 წლამდე მოხუც ქალს დაეჯახნენ. ქალი მანქანის ქვემოთ იყო შევარდნილი და ატყდა მთელი ამბავი. ქალმა სავარაუდოდ კიდურების მძიმე დაზიანება მიიღო.

 

ახლა ეს თემა აუცილებლად უნდა გახდეს განსჯის საგანი და ის ეკიპაჟი დაისაჯოს! დაჯახების შემდეგ, პოლიციელები კარგა ხანს არ გადმოვიდნენ მანქანიდან. შემდეგ, როცა გადმოვიდნენ, გაქვავებული იდგნენ და არც კი წამოაყენეს ეს ქალი, რომელსაც ფეხები მანქანის ქვეშ ქონდა მოყოლილი. ვინც წინ იდგა, ის ხალხი მიეშველა და ძლივს ააყენეს ფეხზე ქალი. საკმაოდ მძიმე სურათი იყო. პატრულებმა ერთმანეთს ბოღმიანად გადახედეს, რადგან ხალხმა გინება დაუწყო მათი არაკაცური საქციელის გამო.

 

ხომ გეუბნებით – მათ მიერ გატანილ მოხუც ქალს  ხელიც კი არ შეაშველეს და ზემოდან უყურებდნენ ამ ყველაფერს. მაგ ქალის ადგილზე, ვუჩივლებდი და მთელ ეკიპაჟს მოვახსნევინებდი. ეს ქალი კიდე იძახდა –  წამიყვანეთო სახლშიო. არ ვიცი სად წაიყვანეს ქალი. ალბათ სახლში მიიყვანეს ან საავადმყოფოში, მაგრამ ფაქტია, რომ მათ მიერ დაზარალებულ ადამიანს ხელიც კი არ შეაშველეს, რადგან დაუსჯელობის სინდრომი აქვთ!“.

 

ტყუილია ეს ყველაფერი! პატრული ამას არ გააკეთებდა!