გია ვოლსკი: მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მითუმეტეს ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მცდელობა იქნება ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი

გია ვოლსკი: მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მითუმეტეს ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მცდელობა იქნება ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი

რასაკვირველია, მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მითუმეტეს ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ სიმცირის და ნეგატიური მუხტის არაპოპულარობის პირობებში, მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ის, რომ სისხლისღვრა და ფიზიკური დაპირისპირება არის აქციის მიზანი, ამას თავად [ორგანიზატორები] ამბობენ და ზოგიერთი უცხოელი აქტორიც მოუწოდებს ამისაკენ“.

ამასთან, ვოლსკიმ უპასუხა შეკითხვას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მობილიზებასთან დაკავშირებით ანა წითლიძის განცხადებას შეეხებოდა, რა დროსაც აღნიშნა, რომ სამართალდამცავები ყოველთვის მობილიზებულები არიან.

„რაც შეეხება მობილიზაციას - სამართალდამცავები ყოველთვის არიან მობილიზებულები და რიგითიდან დაწყებული, ხელმძღვანელი პირებით დამთავრებული მოტივაცია ერთია - საქართველოს, ამდენი გამოწვევის წინაშე მდგარი პატარა ქვეყნის, დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ. რასაკვირველია, მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მითუმეტეს ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ სიმცირის და ნეგატიური მუხტის არაპოპულარობის პირობებში მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი. ის, რომ სისხლისღვრა და ფიზიკური დაპირისპირება არის მიზანი, ეს უკვე ჩვენი მოგონილი არ არის, თავად ამბობენ და ზოგიერთი უცხოელი აქტორიც მოუწოდებს ამისაკენ”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ „შიდა ოპერატიული ინფორმაციით, რეჟიმს აქვს ცნობები, რომ იმაზე მეტი ხალხი იქნება 4 ოქტომბერს, ვიდრე წარმოედგინა და თეიმურაზ კუპატაძეს დაცვის პოლიციის თანამშრომლების კონკრეტული რაოდენობის გამოყვანას სთხოვენ“.