რა ინფორმაციაც ვრცელდება სრული კატასტროფაა, რომ უნივერსიტეტი თურმე გამოყენებულია ფულის სატრიალებლად და შემდეგ უკვე ძალადობრივი აქციის დასაფინანსებლად, - განუცხადა „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, აქციები, რომლებიც დეკემბერში იმართებოდა, ხასიათდებოდა ძალადობით, სადაც ბევრი ადამიანი დაშავდა.
„დაშავდნენ პოლიციელები. რამდენიმე ადამიანს წარუშლელი კვალი დაეტყო. ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა იყო. ამ ყველაფერში ჩართულ ადამიანებს სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყველა მოქმედებაზე. ამავდროულად, იმ ადამიანებს, მათ შორის, ელჩებსაც, რომლებიც თავიანთი მოქმედებით თუ უმოქმედობით ახალისებდნენ ძალადობას“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ხელოვნური პროტესტის ორგანიზების გაშიფრულ სქემაზე „იმედის კვირამ“ მორიგი სიუჟეტი მოამზადა და დაფინანსების ახალი დეტალები გაასაჯაროვა. საუბარია ხელოვნურ პროტესტში უნივერსიტეტების ჩართულობაზე. დაფინანსების ერთ-ერთი წყარო, გიორგი ბაჩიაშვილია და ალასანიას უნივერსიტეტის გავლით ფინანსები საბა ჯაჯანიძის კომპანიაში ირიცხება. თანხა კი აქციებს ხმარდება.