შს სამინისტრომ საერთაშორისო აქციას – „დედამიწის საათი“ სოლიდარობა გამოუცხადა და ნოე რამიშვილის ქუჩა N38-ში მდებარე შსს-ს შენობის განათება 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამორთო. ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე უარის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურ გლობალურ აქციას შეუერთდა, რომელშიც წელს მსოფლიოს 150-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ღონისძიება „დედამიწის საათი“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველი წლის მარტის ბოლოს იმართება. აქცია, რომელიც გლობალური დათბობის პრობლემის მოგვარების სოლიდარობის გამოხატვას გულისხმობს, მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი ღონისძიებაა. მასში მილიონობით ადამიანი მონაწილეობს, რომლებიც ერთი საათის განმავლობაში უარს ამბობენ ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერენ პლანეტის უსაფრთხო მომავალს.