ნარკოტიკულ სკანდალებში გახვეული სპორტსმენების ათეული

ნარკოტიკულ სკანდალებში გახვეული სპორტსმენების ათეული

ისინი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები და აღიარებული ვარსკვლავები არიან, თუმცა მათ ერთი საერთო პრობლემა აკავშირებთ - ნარკომანია.

დიეგო მარადონა

რეიტინგის პირველი საფეხური ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს დამსახურებულად უკავია. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა დიეგო მარადონამ, გავრცელებული ვერსიის თანახმად, სათავე დაუდო ნარკოტიკულ სკანდალებს მსოფლიო ფეხბურთში და სწორედ მას ეკუთვნის სპორტში კოკაინზე მოდის შემოღება. 1991 წლის თებერვალში იგი იტალიელმა სამართალდამცველებმა დაკითხეს ნარკოტიკების გასაღების საქმესთან დაკავშირებით, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ, მის სისხლში კოკაინი აღმოაჩინეს, რომელიც ფეხბურთელს 15-თვიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა. 1997 წელს მარადონამ თავად აღიარა, რომ პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკების მოხმარების გამო. საბოლოოდ, ფეხბურთის ლეგენდამ დაძლია ნარკოტიკზე დამოკიდებულება.

მაიკ ტაისონი

მძიმე წონაში მსოფლიოს ექსჩემპიონი, მოკრივე მაიკ ტაისონი, გარდა სკანდალური ისტორიებისა, ნარკოტიკებთან კავშირშიც იყო შემჩნეული. ამბობენ, რომ „რკინის მაიკი“, დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას. უკანასკნელად, ტაისონის სახელმა ნარკოტიკებთან მიმართებაში 2006 წელს გაიჟღერა, როდესაც სკანდალური სპორტსმენი ქალაქ სკოტსდეილში (არიზონა) ავტომობილს კოკაინის, მარიხუანის, ალკოჰოლისა და დეპრესანტების ზემოქმედების ქვეშ მართავდა. პოლიციელებს დღემდე ვერ გაუციათ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეძლო ტაისონმა ავტომობილის მართვა, რადგან, ასეთი ნარკოტიკული „კოქტეილის” მიღების შემდეგ, ადამიანს არათუ ფეხზე დოგმა, ჯდომაც კი უჭირს. ამ შემთხვევის მერე ტაისონმა სარეაბილიტაციო ცენტრს მიაკითხა და მკურნალობის კურსი ჩაიტარა. მას შემდეგ მაიკ ტაისონი არათუ ნარკოტიკებს, ალკოჰოლსაც კი აღარ ეკარება.

ანდრე აგასი

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, „დიდი სლემის” ტურნირის რვაგზის გამარჯვებულმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, მეტამფინამინის მიღების საჯარო აღიარება თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გააკეთა. სპორტსმენის თქმით, ნარკოტიკის შემცველი პრეპატარების მიღება მან 1997 წელს დაიწყო, როდესაც სპორტულ კარიერაში ცუდად წაუვიდა საქმე. იმ წელს აგასი მსოფლიო რეიტინგში 122-ე პოზიციამდე დაეცა და ვერც ერთ ტურნირში არათუ გამარჯვება, ფინალში გასვლაც კი ვერ მოახერხა.

მარტინა ჰინგისი

მარტინა მდედრობითი სქესის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ნარკომანი სპორტსმენების რეიტინგში მოხვდა. მსოფლიოს ექსპირველ ჩოგანსა და „დიდი სლემის” ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულ ვარსკვლავს 2007 წელს სისხლში კოკაინი აღმოაჩნდა. ინტერვიუებში მარტინა აცხადებდა, რომ უდანაშაულოა და არ იცის, რა გზით მოხვდა კოკაინი მის სისხლში. სკანდალი საკმაოდ გახმაურდა, 27 წლის სპორტსმენმა ვერ გაუძლო ზეწოლას საზოგადოების მხრიდან და დიდი ჩოგბურთიდან წავიდა.

ადრიან მუტუ

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც კოკაინის სკანდალში გაეხვია 2003 წელს, არის რუმინული ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც 22 მილიონ ევროდ ლონდონის „ჩელსის” რიგებში ჩაირიცხა. იქიდან კი ნარკოტიკების მოხმარების გამო ერთ წელიწადში გამოუშვეს.

მაიკლ ფელპსი

ოლიმპიურმა ჩემპიონმა და პეკინის ოლიმპიადის ტრიუმფატორმა, ამერიკელმა მოცურავემ, მაიკლ ფელპსმა, მსოფლიო შოკში ჩააგდო, როდესაც ბრიტანულმა ტაბლოიდმა „ნიუს ოფ ზი უორლდმა” თავის ფურცლებზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ფელპსი იყო გამოსახული მარიხუანის მოწევის პროცესში. ფელპსმა საჯაროდ აღიარა, რომ მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა.

ლებრონ ჯეიმსი

„მსუბუქი” ნარკოტიკის მოხმარებაში საჯარო აღიარება NBA-ს ვარსკვლავმა და „მაიამი ჰითის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსაც გააკეთა. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში კალათბურთელმა აღიარა, რომ ბავშვობაში მარიხუანის აქტიური მომხმარებელი იყო. სხვათა შორის, მარიხუანის თემა „ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში“ ტაბუირებული იყო, სანამ გავლენიანმა „ნიუ-იორკ პოსტმა” ვრცელი სტატია არ მიუძღვნა ამ თემას, რომელიც NBA-ს კალათბურთელთა 70 პროცენტი მარიხუანის მოხმარებაში ამხილა.

რიშარ გასკე

რიშარ გასკე ფრანგული ჩოგბურთის იმედად ითვლებოდა. კოკაინურ სკანდალში გახვევამდე მას მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე პოზიცია ეკავა და, ექსპერტების აზრით, მისთვის პირველ რიგებში მოხვედრაც არ წარმოადგენდა სირთულეს. თუმცა, 2009 წელს, სისხლის ანალიზის აღების შემდეგ, გასკეს კოკაინის ნიშნები აღმოაჩნდა. ჩოგბურთელი კატეგორიულ უარზე იყო და აცხადებდა, რომ კოკაინი მის სისხლში კოცნის შედეგად მოხვდა. საბოლოოდ, გასკეს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელიც შემდგომ 2,5 თვით შეუცვალეს.

პოლ გასკოინი

პოლ გასკოინი, ანუ, უბრალოდ - გაზა, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის ბოლო წლები ალკოჰოლიზმისა და ნარკოტიკული საშუალებების მიღებაში გაატარა. მავნე ჩვევების გამო, გაზა არაერთხელ მოხვედრილა სარეაბილიტაციო კლინიკებში, თუმცა, სკანდალური იმიჯის მქონე ექსვარსკვლავი დღემდე ვერ ახერხებს ნარკოტიკული და ალკოჰოლური პრობლემების დაძლევას.

მარკ ბოსნიჩი და ტომ ბოონანი

მეათე ადგილი ორმა სპორტსმენმა - ფეხბურთელმა და ველომრბოლელმა გაიყვეს. მარკ ბოსნიჩი მეოცე საუკუნის ოკეანეთის რეგიონის საუკეთესო გოლკიპერად დასახელდა, თუმცა, 2003 წელს მას სისხლში კოკაინი აღმოუჩინეს და „ჩელსის” ექსმეკარეს მას შემდეგ თავი აღარ შეუხსენებია მსოფლიო ფეხბურთისთვის. იგივე ითქმის ბელგიელ ველომრბოლელ ტომ ბოონანზე, რომელსაც 2009 წელს კოკაინის მოხმარება დაუმტკიცდა. მართალია, ბოონანისთვის დისკვალიფიკაცია არ მიუციათ, მაგრამ რაიმე სახის წარმატებისთვის მას აღარ მიუღწევია.