უცხო პლანეტა ჩვენმა გალაქტიკამ ჩაითრია

უცხო პლანეტა ჩვენმა გალაქტიკამ ჩაითრია

პირველად თანამედროვე მეცნიერებაში, მაქს პლანკის ინსტიტუტის გერმანელმა ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ჩვენი გალაქტიკის გარეთ წარმოიქმნა.

პლანეტის სახელია HIP-13044B, ის ზომებით იუპიტერს უტოლდება და დედამიწიდან 2 000 სინათლის წლით არის დაშორებული.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ პლანეტა, რომელიც ჩვენი გალაქტიკის გარეთ ჩაისახა – ის ფორნაკსის თანავარსკვლავედში ვიპოვეთ ევროპული ობსერვატორიის გიგანტური ტელესკოპის დახმარებით, რომელიც ჩილეს ტერიტორიაზეა დამონტაჟებული“, – განაცხადა სამუშაოს ხელმძღვანელმა, პროფესორმა რაინერ კლემენტმა.

ამ არაჩვეულებრივი პლანეტის ისტორია სავსეა „დრამატული“ მოვლენებით: ის ერთ-ერთ ჯუჯა გალაქტიკაში გამოჩნდა, რომელიც, ჩვეულებრივ, რამდენიმე მილიარდ ვარსკვლავს ითვლის, მაგრამ, 6-9 მილიარდი წლის წინ ეს ჯუჯა გალაქტიკა მიზიდულობის ძალებით შთანთქა ჩვენმა გალაქტიკამ, რომელსაც გაცილებით უფრო დიდი მასა აქვს, ვინაიდან 200-400 მილიარდი ვარსკვლავისგან შედგება.

კოსმოსური კატასტროფის შედეგად, რომელსაც ფიზიკოსები „ვარსკვლავურ კანიბალიზმს“ უწოდებენ, „უცხო“ პლანეტა ჩათრეულ იქნა ჩვენს გალაქტიკაში.

ახალაღმოჩენილი პლანეტა კონცენტრულ ორბიტაზე, საკუთარი მზის გარშემო ბრუნავს და სრულ წრეს 16,2 დღეში ასრულებს. დღეისთვის სწავლულებმა უკვე 500-მდე პლანეტა აღმოაჩინეს, რომლებიც ჩვენი გალაქტიკის გარეთ მდებარეობენ. ამგვარად, პლანეტები არ წარმოადგენენ უნიკალურ ციურ სხეულებს და ისინი, როგორც ჩანს, მრავლად არიან სამყაროს უკიდეგანო სივრცეებში.