ეს ქვეყნები, კონკრეტული ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ გლობალური ომის პარტიას, წარმოადგენენ „დიფ სთეითს“, რა თქმა უნდა, ვერ ისვენებენ და არ ისვენებენ და უნდათ ქვეყანაში როგორმე მოაწყონ არეულობა და სახელმწიფო გადატრიალება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელიც ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი აქტივისტების ოქტომბრის არჩევნებისთვის წვრთნას შეეხებოდა.
კახა კალაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ბევრი მცდელობა იყო და ამისთვის ცალკეული პირების მომზადება გასაკვირი არ არის.
„ბოლო წლებში ბევრი ასეთი მცდელობა გვახსოვს და ვნახეთ, თუ როგორ ებრძოდნენ ისინი ქართულ სახელმწიფოებრიობას, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას იმის გამო, რომ ჩვენ არ გავატარეთ რომელიღაცა სხვა ქვეყნის ინტერესები. დღეს საქართველოს მთავრობას იმის გამო ებრძვიან, რომ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესი, დავიცავით, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები და ეს არის მათთვის ყველაზე მძიმე, ეს არ აწყობთ ყველაზე მეტად“, - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და რადიკალიზმის ნებისმიერი მცდელობა დამარცხებული იქნება.
„რევოლუციის მოწყობის, ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, შესაბამისად, ეს ვიღაცების გადამზადება-მომზადებაც არ გვიკვირს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ყველა ასეთი მცდელობა, რომელიც გაჯერებულია რადიკალიზმით, სიძულვილით, ყოველთვის იქნება დამარცხებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.