„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა.
მისი თქმით, მცდელობა, რომ საქართველოში მორიგ ჯერზე მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება, წარუმატებელი იქნება.
„მიზანი ზუსტად იგივეა, საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების შეცვლა, უბრალოდ, საქართველოში ამ მიზნით თანხების შემოდინების აკრძალვის შემდეგ, უფრო სწორად, ეს აკრძალვა არ იყო, ეს იყო ლუსტრაცია და ამით საკუთარ თავს აუკრძალეს ფულის შემოტანა საქართველოში იმიტომ, რომ ჩვენ აკრძალვა ხომ არ გაგვიკეთებია? ჩვენ მოვითხოვეთ კანონის შესაბამისად გამჭვირვალე ყოფილიყო ყველანაირი დაფინანსება. ამით თვითაკრძალვა გაიკეთეს, რომ მათ არ უნდათ გაიშიფრონ, რისთვის იხარჯება საქართველოში ფული და ურჩევნიათ, პირად ანგარიშებზე ურიცხონ, რაღაც მონაცემები არსებობს და ამას შემთხვევით არ ვამბობ. ურჩევნიათ, რომ სხვადასხვა გზებით შემოიტანონ თანხები, მაგრამ ეს არ არის იმ რაოდენობით, ათეულობით მილიონი დოლარი, მაგალითად, ახალგაზრდების რეკრუტირების მიმართულებით რომ იხარჯებოდა და ამიტომ, ურჩევნიათ, სხვა ქვეყნებში მიავლინონ ეს დაფინანსება, ტრენერები და ასე მოახდინონ მცდელობა საქართველოში ხელისუფლების მორიგი ცვლილებისა, რაც გარანტირებულად წარუმატებელი იქნება იმიტომ, რომ აქ ატრენინგებდნენ და იმით ვერაფერი ქნეს და ახლა სადღაც წაიყვანენ და წამოიყვანენ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ამით ქართველებს ნამდვილად შიში არ გაუჩნდებათ მათი ნების საწინააღმდეგო მოქმედებების დომინაციის“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.