როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება. ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო სამზადისთან დაკავშირებით შეკითხვაზე პასუხად.
მამუკა მდინარაძის თქმით, აგენტურას მითითება მიეცა, რომ „ნაცმოძრაობას“ აღარ ჰქონდა შანსი არჩევნებში გამარჯვებისა, შესაბამისად იმედი აქვთ, რომ ახლა სხვა პარტიები გაიყიდებიან „არანაცებად“ და „არააგენტურად“.
„„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც თვეების წინ, დაახლოებით 1 წლის წინ ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, უთხრეს და რამდენიმე თვეში მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში გადაიქცა მეოთხე-მეხუთეადგილოსან პარტიად. შეუმცირეს დაფინანსება, სხვას მოუმატეს დაფინანსება, სხვა გახდა დომინანტი იმის იმედით, რომ ისინი „ნაცებად“ არ აღიქმებიან. ვიღაცამ გაიდლაინები დაულაგა და მითითებები მისცა აგენტურას, რომ, „ნაცმოძრაობა“ და „ნაცები“ იმდენად დისკრედიტირებულები არიან, რომ მათ გამარჯვების შანსი აღარასოდეს აქვთ და იქნება ახლა სხვა პარტიები გაიყიდონ „არანაცებად“ და „არააგენტურად“ მაგრამ „ნაცობა“ ამ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური კუთვნილების აღმნიშვნელი სიტყვა, „ნაცობა“ არის აგენტობის და სხვისი მსახურების აღმნიშვნელი სიტყვა და როდესაც, ჩვენ ვიღაცას „ნაცს“ ვუწოდებთ ხოლმე, ეს არის უკვე სიმბოლოდ ქცეული ტერმინი, რომელიც არის სიმბოლო - მკვლელობის, გაუპატიურების, ძალადობის, უსამართლობის და სხვისი დავალების შესრულების“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ვერ უზრუნველყოფს, ვერც სინათლესა და ვერც პროგრესს.
„ისინი ვერ უზრუნველყოფენ ვერც სინათლეს, ვერც პროგრესს. ისინი უზრუნველყოფენ ყველაფერს ცუდს, რაც ამ სიტყვასთან და აგენტობასთან ასოცირდება, იმიტომ რომ როდესაც არ ემსახურები შენს ქვეყანას, ყველაფერ ცუდს იკადრებ, იმიტომ რომ ეს უკვე ნაკადრები გაქვს სხვისი მსახურებით“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.