“25 თებერვალი“ – საშინელებაზე დაწერილი  უკვდავი ლექსი

“25 თებერვალი“ – საშინელებაზე დაწერილი უკვდავი ლექსი

დღეს ცნობილი ქართველი პოეტის, “ცისფერყანწელის“, კოლაუ ნადირაძის არც დაბადების დღეა და არც გარდაცვალების, მაგრამ როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ბნელი თარიღი – 25 თებერვალი დგება, ყველას კოლაუ ნადირაძე და მისი უკვდავი ლექსი – “25 თებერვალი“ გვახსენდება. ეს ლექსი ალბათ ყველაზე ნათლად ასახავს 1921 წელს ჩვენი ქვეყნის თავზე დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას, რასაც ერთი სიტყვით – “გასაბჭოებას“ ეძახდნენ, თუმცა ამ დღის ტრაგიზმი და მნიშვნელიბა ბევრად მეტია, ვიდრე ამას ეს ერთი, საზარელი სიტყვა იტევს.

ზემოთხსენებული ეპოქალური ლექსის “25 თებერვალის“ ავტორი – კოლაუ ნადირაძე, დაიბადა ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოისმინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. პირველი ლექსი დაბეჭდა 1916 წელს, ლეგენდარულ ჟურნალ “ცისფერ ყანწებში“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი გამოსცა 1920 წელს. კოლაუ ავტორია პოემებისა (“თვრამეტი წელი“, “ფრონტებზე“, “როალდ ამუნდსენ“, “რიონი-პორტი“), მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე, ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები.

კოლაუ გარდაიცვალა 21 წლის წინ, 1990 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. სულ ბოლოს, როგორც ბეჭვდური, ასევე ვიდეოს სახით, გთავაზობთ კოლაუ ნადირაძის “25 თებერვალს“, რათა კიდე ერთხელ შევიგრძნოთ ამ დღის მთელი ემოციურობა და დავრწმუნდეთ, რომ ზუსტად 90 წლის წინ, პირტიტველა ქართველ იუნკერებს რუსული არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს სისხლი ტყუილად ნამდვილად არ დაუღვრიათ!

25 თებერვალი

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს –

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

პ.ს. თანდართულ ვიდეოში ლექსს კითხულობს მარიამ ტყეშელაშვილი