„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ივლისში რუსეთის მიერ უკრაინაში განლაგებულ საწვრთნელ ბანაკზე მიტანილი იერიშის შედეგად უცხოელი მოხალისე მებრძოლები დაიღუპნენ. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, 21 ივლისს უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, კიროვოჰრადის ოლქში მდებარე ქალაქ კროპოვნიცკის სიახლოევს მდებარე ბანაკზე რუსეთის მიერ მიტანილი დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 12 უცხოელი მოხალისე დაიღუპა, მათ შორის მებრძოლები აშშ-დან, კოლუმბიიდან, ტაივანიდან, დანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დარტყმა საწვრთნელი ბანაკის სასადილოზე მიიტანა, როდესაც იქ მოხალისეები იკრიბებოდნენ.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსს“ ფლორიდელმა მოხალისე მებრძოლმა უთხრა, ძლიერი აფეთქების შემდეგ მან ათზე მეტი სამხედროს ცხედარი და 100-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცი დაინახა.
სამხედროების ცნობით, დარტყმის შედეგად საბრძოლო მასალის საწყობში გაჩნდა ხანძარი, რასაც მოჰყვა აფეთქებების სერია.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის საერთაშორისო ლეგიონის წარმომადგენელმა, ვლადიმირ კამინსკიმ არ დაასახელა მსხვერპლის რაოდენობა, თუმცა თქვა, რომ მომხდარის გამოძიება გრძელდება.
ორმა უცხოელმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც ამ ბაზაზე იმყოფებოდნენ და წვრთნებში მონაწილეობდნენ, „ნიუ იორკ თაიმსს“ უთხრა, რომ რუსეთის დარტყმამდე ბანაკში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ უსაფრთხოების ზომების არასათანადოდ დაცვის გამო.