მიხეილ სადრაძე: თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობას

მიხეილ სადრაძე: თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობას

სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.

საქმე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი დამნაშავედ ცნეს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. 

გამოძიების ინფორმაციით, მან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 9 ათასამდე ბიტკოინი მიითვისა.

გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობასა და დამნაშავეობას. 

"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დემონსტრაცია, რომ კოლეგიამ სრულად შეაფასა და გააანალიზა ყველა მტკიცებულება, მოწმის ჩვენება, დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე, მიითვისა კრიპტოვალუტა, ასევე მოახდინა მითვისებული აქტივის ლეგალიზაცია. 

რიცხვები რომ დავამრგვალოთ, ინვესტიციის ჯამური მოცულობა იყო 6 მილიონ-ნახევარი. ბრალდება ედავებოდა და სასამართლომაც დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მონაწილეობა იყო მხოლოდ მილიონ-ნახევრის ფარგლებში. ეს მას, პრაქტიკულად, აქვს აღიარებული. 

თავად კრიპტობირჟას მისწერა მეილი, რომელიც თან მაქვს და არაერთხელ მოვახდინე მისი დემონსტრაცია, სადაც თქვა, რომ ინვესტიციებში მონაწილეობისას მან სწორედ მილიო-ნახევრით დააფინანსა ეს პროექტი.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ბრალის არსი და, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებაც და შეფასებაც. აქედან გამომდინარე, თავად გიორგი ბაჩიაშვილის შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობასა და დამნაშავეობას", - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.