დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო გახსნილია

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო გახსნილია

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნეს მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო. სახელდობრ, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე მეტეორიტის შესწავლის დროს, რომელიც ანტარქტიდაში აღმოაჩინეს. მათ იპოვეს ახალი საფუძვლიანი მტკიცებულებანი იმის სასარგებლოდ, რომ „სამშენებლო მასალა”, რომლის საშუალებითაც ჩვენი პლანეტა დასახლებული გახდა, შემოვიდა ღია კოსმოსიდან.

როგორც სწავლულები ამბობენ, დედამიწა თავისი „ადრეული ახალგაზრდობის” ეპოქაში აქტიურად იბომბებოდა კოსმოსიდან -  ასტეროიდები და მეტეორიტები წვიმასავით ცვიოდა დედამიწაზე. ალბათ, მათ შემოიტანეს ჩვენს პლანეტაზე პრიმიტიული სიცოცხლისათვის საჭირო „აგურები”.

უფრო ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეტეორიტები შეიცავენ სხვადასხვა ორგანულ მოლეკულებს, მაგალითად, ამინომჟავებს, რისგანაც შედგება ცილები - დნმ-ის კომპონენტები. მაგრამ, ახლა პირველად დამტკიცდა, რომ მეტეორიტი შეიძლება ამიაკის საკმარისი რაოდენობის წყარო ყოფილიყო.

ბრიტანელი სწავლულის ტედ ნილდის თეორიის თანახმად, რომელიც ეყრდნობა შვედი სწავლულის, ბირგერ შმიტცის კვლევებს, 470 მილიონი წლის წინათ მარსსა და იუპიტერს შორის არსებული გიგანტური ასტეროიდი ნაწილებად დაიშალა და 10 მილიონი წლის განმავლობაში ცვიოდა ჩვენს პლანეტაზე. შედეგად, ნილდის აზრით, მრავალჯერ აჩქარდა ბიოლოგიური ევოლუცია და გაჩნდა სიცოცხლის ახალი ფორმები.

2012 წელს სწავლულთა საერთაშორისო ჯგუფმა აქტუალური გახადა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე მარსიანული წარმოშობისაა. ამ ჰიპოთეზის თანახმად, პრიმიტიული მიკროორგანიზმები ჩვენს პლანეტაზე მეტეორიტით ჩამოვიდნენ, რომელიც წითელ პლანეტას გიგანტური ასტეროიდის დაჯახების შედეგად მოწყდა.