როგორც იქნა, ხარაგაულში სამართალმა იზეიმა

როგორც იქნა, ხარაგაულში სამართალმა იზეიმა

[ნინო მიქიაშვილი]

როგორც იქნა, ხარაგაულის გამგებელმა, თორნიკე ავალიშვილმა ბრძანება დაწერა და  ამავე რაიონის  კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსი, იზა ვეფხვაძე თავის თანამდებობაზე აღადგინა, რასაც იმავე დღეს მოჰყვა ვეფხვაძის განცხადება, თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლის შესახებ, რომელიც გამგებელმა დააკმაყოფილა. ამ სიახლის ირგვლივ თავად იზა ვეფხვაძემ გვაცნობა.

იმაზე, თუ როგორ იქცა ერთი კონკრეტული რაიონისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა მთელი საქართველოს პრობლემად, ჩვენს მედიასაშუალებაში ათეულამდე წერილი გამოქვეყნდა. თორნიკე ავალიშვილის მიერ 17 თებერვალს ხელმოწერილ ბრძანებას წინ უღძვოდა საკრებულოს სხდომა, რომელზეც იზა ვეფხვაძის ადმინისტრაციული საჩივარი განიხილეს და დააკმაყოფილეს; ანუ გამგებელს დაავალეს ვეფხვაძე სამსახურში დააბრუნეო.

შეგახსენებთ, რომ იზა ვეფხვაძეს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული 2009 წლის 27 ოქტომბერს, გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანება, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გასული წლის შემოდგომაზე უზენაესმა სასამართლომ ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი განიხილა და 3 ნოემბერს გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც გამგებელს დაევალა ვეფხვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2009 წლის 27 ოქტომბერს გამოცემული ბრძანების გაბათილება, სათანადო მოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და 1 წლის განაცდურის ანაზღაურება.

გამგებელმა ვეფხვაძეს განაცდური კი აუნაზღაურა, მაგრამ სამსახურიდან ხელმეორედ გაათავისუფლა, 4 იანვარს გამოცემული ბრძანებით, რის შემდეგაც ვეფხვაძემ საკრებულოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. საკრებულოში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, გამგებლის მიერ 4 იანვარს გამოცემული ბრძანება ბათილად ცნო, რაც 7 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრითაც დადასტურდა.

ამაზე მთელმა საკრებულომ ტაში დაუკრა, გამგებელი კი წამოდგა და თქვა - ”მე აბსოლუტურად ვეთანხმები, დღევანდელ დღეს, რაც გადაწყდა საკრებულოს სხდომაზე. მე ვალდებული ვარ თითოეული თქვენი მითითება შევასრულო და გავაკეთო ისე, როგორც კანონი მოითხოვს და როგორც საჭიროება მოითხოვს, კანონის მიმართ“.

გამგებელს იმაზე აღარაფერი უთქვამს, რატომ არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ისე, როგორც ”კანონი და საჭიროება” მოითხოვდა. ისე, რომ არა 7 თებერვალს ხარაგაულის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინ იცის როგორ დატრიალდებოდა გამგებელ თორნიკე ავალიშვილის ბედი. 

იმას, თუ რატომ დახარჯა ამდენი დრო, ენერგია და ნერვები, ერთი სასამართლო ინსტანციიდან მეორეში სიარულით, თანამდებობაზე თუ აღარ დაბრუნდებოდა, იზა ჩვენთან საუბრისას ვეფხვაძე ასე ხსნის:

”ბრძოლის დაწყების პირველი დღიდანვე ვიცოდი, რომ ამ თანამდებობაზე არ დავბრუნდებოდი, მაგრამ ასევე პირველი დღიდანვე გადავწყვიტე, რომ არ შევეგუებოდი უსამართლობას და ბოლომდე ვიბრძოლებდი. მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან სამართალს ვიპოვიდი, რადგან სამართლიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრიც და შედეგიც. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, სიმართლე შეიძლება დროებით დაიჩაგროს, მაგრამ მისი საბოლოოდ დამარცხება შეუძლებელიაო. ვთვლი, რომ ეს საოცარი სიბრძნეა.

თითქმის წელიწადნახევარი, რომელიც  საჭირო აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჭეშმარიტებას ეზეიმა, ნამდვილად ღირდა ბრძოლად, განცდად და ნერვიულობად, რადგან იმდენი ადამიანის თანადგომა, ერთგულება, სიყვარული ვიგრძენი ამ პერიოდში, რომ არ შეიძლებოდა თუნდაც ამ ადამიანებისთვის იმედის გაცრუება. ისინი თვლიან, რომ ჩემთან ერთად გაიმარჯვეს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს არა მარტო ჩემი, არამედ, სასამართლო სისტემის გამარჯვებაც იყო, რადგან  ადამიანებს  ნდობა და იმედი გაუჩნდათ სასამართლო სისტემის მიმართ. გარდა ამისა, მოხდა მართლაც საოცარი ფაქტი - რაიონის საკრებულომ ბრძანება გაუუქმა გამგებელს, როგორც უკანონო. ანუ ამ გადაწყვეტილებით რაიონის საკრებულოს ავტორიტეტიც ამაღლდა და საზოგადოებას მათ მიმართაც გაუჩნდა ნდობა. შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვება იყო არა ცალმხრივი, არამედ მრავალპოლუსიანი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ვაპირებ დავუბრუნდე გამგეობის კულტურის სამსახურს,  ასეთი ძნელად მიღწეული გამარჯვების შემდეგ - ჩემთვის მიუღებელია  ხარაგაულის გამგებელთან თანამშრომლობა, რადგან ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული სულიერი, ზნეობრივი და   ადამიანური ღირებულებები გაგვაჩნია, რაც გახლდათ კიდეც მიზეზი ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების  და იმ დიდი დევნის, რომელსაც უკვე წელიწადზე მეტია თვალს ადევნებს მთელი საქართველო. სამსახური ჩემთვის არ ყოფილა და ვერც იქნება  მხოლოდ  ”სასურველი სკამი“, სადაც თავს ღირსეულ ადამიანად ვერ ვიგრძნობ; ვთვლი, რომ ამ ადამიანთან კვლავ თანამშრომლობით უარი უნდა ვთქვა საკუთარ ღირსებებზე, რადგან არაერთგზის ნახა საზოგადოებამ, თუ როგორ “ღირსეულად“ შეუძლია მას მოექცეს ადამიანებს.

 გარდა ამისა, დღეს ამ სამსახურს ხელმძღვანელობს ჩემი უფროსი მეგობრის, თამაზ კიკნაძის შვილი. ეს ფაქტორიც ძალზე მნიშვნელოვანი გახლავთ ჩემთვის და მინდა წარმატებები ვუსურვო მას. მინდა უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო კულტურის სამსახურის და მთლიანად ხარაგაულის კულტურის დარგის ყველა თანამშრომლის მიმართ, მათთან ერთად ძალიან ბევრი გამარჯვების და წარმატების სიხარული განმიცდია. ძალიან ვაფასებ იმ წლებს და ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრი წარმატება და სასიამოვნო დღეები გველოდება მომავალში.

და ბოლოს, ვთვლი, რომ სამოქალაქო სექტორი, სადაც ამჟამად განვაგრძობ საქმიანობას, გაცილებით ფართო არიალს იძლევა ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის მეტად საჭირო საქმიანობის განსახორციელებლად. რაც შეეხება ლიტერატურულ თეატრში ჩემს საქმიანობას, ასეთი ხანგრძლივი ”ბრძოლის“ შემდეგ, ნამდვილად მომენატრა ჩემი საყვარელი საქმე და ვეცდები ხარაგაულელებს ამ კუთხით იმედები გავუმართლო”.