ოთარ მეღვინეთუხუცესის „დალოცვა“

ოთარ მეღვინეთუხუცესის „დალოცვა“

ბატონმა თემურ ჩხეიძემ დადგა სპექტაკლი „ბახტრიონი“, სადაც ოთარ მეღვინეთუხუცესი ქადაგის როლს თამაშობდა.

ერთ-ერთ სცენაში ის ლოცავს ლელას და ანდრიას, რომლებმაც მტერს უნდა შესწირონ თავი სამშობლოს გადასარჩენად. ლექსად უნდა ეთქვა ბატონ ოთარს: „მთანი მაღალნი თქვენს სადიდებელსა მღერიანო“ და ტექსტი გრძელდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო ქადაგის დალოცვა.

რატომღაც, იმ დღეს ოთარმა გადაწყვიტა, რომ ფეხშიშველს ეთამაშა როლი, გავიდა სცენაზე და დაიწყო თამაში. ერთი სიტყვა თქვა მხოლოდ და – ვაიო, შესძახა, მერე კი – თქვენი დედაო – შეიგინა.

გადადგა მეორე ნაბიჯი და ამბობს: „თქვენს სადიდებელსა მღერიანო – და, კიდევ დედები შეუკურთხა ყველას.

სულ ასე, გინებ-გინებით ჩაამთავრა ეს დალოცვა. თურმე, ნუ იტყვით და, მუშებს სცენის იატაკზე გადაუჭიმიათ ნაჭერი და ზედ პატარ-პატარა ლურსმნები დარჩენიათ. დადის ოთარი და ფეხებში ერჭობა, თურმე, ეს ლურსმნები. სისხლი სდის კაცს, ამიტომაც დაავიწყდა ყველაფერი...