„პოპულარობის მიზეზი“

„პოპულარობის მიზეზი“

ცნობილი ქართველი მსახიობი, ამჟამად პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი მაყურებელმა მხატვრული სურათი „ნატვრის ხით“ გაიცნო. ამ ფილმმა ახალგაზრდა მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა. ბატონი სოსო გადაღებების დროს თავს გადახდენილ ერთ „ისტორიას“ დღემდე დიდი „სიამოვნებით“ იხსენებს:

„ნატვრის ხე“ სიღნაღში გადავიღეთ. აშკარად ვგრძნობ ახალგაზრდებისგან ყურადღების ცენტრში ყოფნას, ოღონდ, ეს მიკვირს: გვერდით მყავს სესილია თაყაიშვილი, ეროსი, რამაზ ჩხიკვაძე, ლიკა, სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე და, მაინცდამაინც მე მაკვირდებიან.

მერე ვირწმუნე, რომ ძალიან მაგარი „კლიენტი“ ვიყავი. მიხარია ჩემი პოპულარობა, „მწანე კიტრივით“ მომაქვს თავი, ერთი სიტყვით, ჩემი მეგონა ქვეყანა...

მაგრამ, ერთ მშვენიერ დილას ჩემი ყურით მოვისმინე მწარე რეალობა: 14-15 წლის გოგოების გუნდი შემომყვა რაიკომის ბუფეტში. აღარ მიკვირს არაფერი, მივეჩვიე - მე ხომ ძაან მაგარი ტიპი ვარ და, უცებ, მესმის ჩურჩული: „ა, ეს ბიჭია წეღან რომ გითხარი, ერთ ჭამაზე შვიდ პორცია შნიცელსა ჭამსო“.

უი, თქვენს სოსოს... არადა, მე ნახევარი სიღნაღი მეცოდებოდა, რადგან მეგონა, რომ ჩემზე უიმედოდ იყვნენ შეყვარებულები“.