ხელოვნება და ოკუპაცია

ხელოვნება და ოკუპაცია

გუშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლატვიელი რეჟისორის ედვინ შნორის დოკუმენტური ფილმის “საბჭოეთის ისტორიის“ ჩვენება და განხილვა გაიმართა. დისკუსიაში თსუ-ს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა.

“საბჭოეთის ისტორიის“ იდეის ინიციატორები ევროპარლამენტის დეპუტატები გირტს ვალდის კრიშტოვსკი და ინესა ვაიდერე არიან. ფილმში ნაჩვენებია საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის შედარება დაწყებული სიმბოლოებითა და იდეოლოგიით, ადამიანთა მასობრივი განადგურების ხერხებით დამთავრებული. ფილმში გამოყენებულია დოკუმენტური ფოტო და კინო მასალა, თვითმხილველებთან ინტერვიუები; მონაწილეობას იღებენ ცნობილი პროფესორები და ისტორიკოსები ნორმან დევისი და ჯორჯ ვუდსონი(კემბრიჯი), ვლადიმერ სერგეიჩუკი (კიევი), ბორის სოკოლოვი, ნატალია ლებედევა, სერგეი სლუხი (მოსკოვი), ასევე ჯგუფ “მემორიალის“ წევრი ალექსანდრ გირანოვი, წიგნის “კომუნიზმის შავი წიგნი“ ავტორი ნ. ვერტი, ევროპარლამენტის დეპუტატი ფინეთიდან არი ვატანენი, სუკ-ის გენერალი კარპოვი, რუსი დისიდენტი ვლადიმერ ბიკოვსკი და სხვა.

ფილმი ერთგვარი გაფრთხილებაცაა და გარკვეული ბრალდებაც წამყვანი სახელმწიფოებისადმი, რომელთა უმოქმედობამაც მიიყვანა სსრკ და გერმანია ამ მდგომარეობამდე.

ასევე გუშინ, “ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით “საქართველოს ოკუპაციის ისტორია და ადამიანები“, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდა თაობისთვის. სპეციალურად მათთვის დაგეგმილია შემეცნებითი საუბრებიც. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ინახება ისეთი საარქივო ფონდები, რომელიც ეხმიანება და პირდაპირ კავშირშია საქართველოს ოკუპაციასთან.