ჩოხატაურის გამგეობაში, მარჯვნივ, შუშის ოთახია...

ჩოხატაურის გამგეობაში, მარჯვნივ, შუშის ოთახია...

"გურიის რეგიონალური განვითარების სააგენტოს” წესდება 2009 წლის 21 დეკემბერს, სააგენტოს წევრთა საერთო კრების მიერ არის მიღებული. სააგენტოს რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმდროინდელი გამგებელი ავთანდილ მექვაბიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლი გიორგი გოგუაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმდროინდელი გამგებელი მამუკა დოლიძე, შპს ”კოლხიდას” ხელმძღვანელი ხათუნა ლაგაზიძე და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის იმჟამინდელი ხელმძღვანელი და პარლამენტის ახლანდელი დეპუტატი გოჩა შანიძე. სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარე ლიკა ღლონტი გახლდათ - ვალერი ჩიტაიშვილის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი.

წესდების თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზანს გურიის დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა, მისი სოციალურ-ეკონომიური განვითარების სტიმულირება, გურიის რეგიონის ცნობადობის მიღწევა და ა.შ. წარმოადგენს.

ამ სააგენტოს დამფუძნებელთა პირველი ოქმი 2010 წლის 10 იანვრით თარიღდება, ხოლო საჯარო რეესტრში ამავე წლის 1 მარტს არის დარეგისტრირებული ავთანდილ მექვაბიშვილის განცხადების საფუძველზე.

ამავე პერიოდში, სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, გამგეობების შენობებში ფართები გამოუყვეს სააგენტოს და, როგორც დოკუმენტები ცხადყოფენ, პროექტებზე მუშაობა დაიწყეს. ორგანიზაცია განსაკუთრებულად საარჩევნოდ გააქტიურდა და როგორც მისი წევრები პირად საუბრებში ამბობენ, „მაგარი პროექტი გაარტყეს“. ამ პროექტის ერთ-ერთი პირობა კი, საარჩევნო დებატების მოწყობა გახლდათ, რომელიც არავინ იცის, სად და როგორ ჩატარდა.

გოჩა შანიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ სააგენტომ ბევრ ახალგაზრდას გზა გაუკვალა და დაასაქმა კიდეც.

- შექმნის იდეა კარგი იყო თავისთავად და შედეგებიც კარგია. პირველ ეტაპზე კონკურსი იყო რუმინეთთან მიმართებაში. მე გავუკეთე ამათ მიმართვა და სააგენტოში გაწევრიანებული სამი სტაჟირებაზე რუმინეთში გავამგზავრე. მერენდელ საქმეებში მე არ ვიყავი ჩართული მაგრამ, ვიცი, რომ პროექტი დაწერეს და მიიღეს დაფინანსება ტურისტული ბუკლეტის და გურიის ვებ გვერდის გაკეთებაზე. მე კარგად ვიცი ოზურგეთელების ამბავი. ერთი ოზურგეთელი ბავშვი, გურამ მიქელაძე, საკრებულოს წევრი გახდა, ორი გადავიდა სამოქალაქო მისაღებში და ახლაც იქ მუშაობენ. მერე ესენი არ აქტიურობდნენ და ახლა როგორც გავიგე, განაახლეს მუშაობა.

ჩოხატაურელები იყვნენ მაგ პროექტში ჩართული?

- იყვნენ, მე როგორც ვიცი. ეს ის ახალგაზრდები გახლდნენ, ვინც მერე სამოქალქო მისაღებში დასაქმდნენ.

ჩოხატაურში სამოქალაქო მისაღები რომ არ არსებობს?

- ნუ იჩქარებთ, მე გეტყვით სადაც არის (?!). რომ შედიხართ ჩოხატაურის გამგეობაში, მარჯვნივ შუშის ოთახია. სამოქალაქო მისაღებს მე ვეძახი, თორემ ისე რაღაც სხვა სახელი ჰქვია...

საინფორმაციო სამსახურ ჰქვია, ბატონო გოჩა, და მაგ ოთახში ერთი დღეც კი არავის უმუშავია...

- გაკეთდა და რომ არ ამუშავეს, ეგ უკვე სხვა თემაა. რეალურად, ეს პროგრამა გაკეთდა ლანჩხუთში და წარმატებით მუშაობს. გაკეთდა ოზურგეთშიც, სადაც ასევე წარმატებით მიმდინარეობს მუშაობა.

ითქვა რომ ეს ორგანიზაცია ვიღაცისთვის ფულის საკეთებლად შეიქმნა... გვითხრეს, რომ გრანტიც მოუგიათ...

- მე შემიძლია იმ ეტაპზე გესაუბროთ, რომელ ეტაპზეც მე ვიყავი თავიდან ბოლომდე ჩართული. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც სამხარეო სტრატეგიის და ამ მიმართულებით უნდა ემუშავა. მე ვიცი მაგათი შედეგი, რომ გააკეთეს ვებგვერდი და საკმაოდ კარგი, ფერადკანიანი საინფორმაციო ბუკლეტი. კიდევ ჰქონდათ რაღაც პატარა პროექტი, მაგრამ რა - არ ვიცი.

როგორც გვითხრეს საარჩევნო პროექტი იყო...

- კი, კი. დებატების პროექტი ჰქონდათ

სად გაიმართა ეს დებატები?

- აღარ ვიცი მაგდენი, - დაგვიზუსტა შანიძემ.

ლიკა ღლონტი გურიის სამხარეო რწმუნებულის აპარატის ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტია.  საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იგი გურიის რეგიონალური განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე იყო. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სააგენტოს არცერთი პროექტი არ განუხორციელებია.

- სააგენტოს არცერთი პროექტი არ აქვს განხორციელებულ. ჩემზე უკეთ იცით, ორგანიზაცია რო დაფინანსდეს გამოცდილებაა საჭირო. ნამუშევარი აქვთ ახალგაზრდებს რომ დაემყარებინათ კონტაქტი საერთაშორისო ორგანზიაციებთან.

ჩვენთან საუბარში, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გოჩა შანიძემ თქვა რომ იყო რამდენიმე პროექტი, მათ შორის დებატები საარჩევნოდ, თუმცა ვერ გვითხრა სად გაიმართა ეს დებატები. თქვენ ამ ინფორმაციას უარყობთ. გამოდის რომ პარლამენტის დეპუტატი, რომელიც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია არასწორ ინფორმაცის გვაწვდის?

- ეტყობა ბატონმა გოჩამ არ იცოდა დეტალები. ის მხოლოდ დამფუძნებელია.

როგორც თავად გვითხრა, აქტიურად საქმიანობდა, ტრენინგებს უტარებდა ახალგაზრდებს, ამიტომ მისი არცოდნა, როგორც თქვენ მითხარით, ბევრ ეჭვს ბადებს.

- როდესაც ბატონი გოჩა ტრენინგებს ატარებდა, სააგენტო ახალი დაფუძნებული იყო. მან ხელი შეუწყო ახალგარზდებს, რომ რუმინეთში, ამ ქვეყნის დაფინასებით წასულიყვნენ. მერე უბრალოდ, ალბათ არ ეცალა.

გურიის რეგიონალური განვითარების სააგენტომხოლოდ ფურცელზეა  რომ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს ყველაზე კარგად იმ ადამიანებმა იციან, რომლებიც წლებია არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ, თუმცა ხელისუფლებასთან ფინანსური კავშირი არა აქვთ. ენჯეოშნიკები მიიჩნევენ, რომ მსგავსი სააგენტოების და ორგანიზაცეიბის შექმნა ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რადგან ეს პროცესები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელისუფლებასთან ათქვეფისკენ არის მიმართული.

- ჩემი აზრით სამთავრობო ”არასამთავრობო ორგანიზაციებსა” და არასმთავრობო ორგანიზაციების შორის განსხვავება უნდა არსებობდეს. კარგია, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ფიქრობს გარემოს გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით იყენებს ინსტრუმენტებს რომელიც კანონმდებლობით იქნა მათთვის მინიჭებული. მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ამჟამად (ანუ ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლებასაც შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა) ძალზე გაართულებს იმის გარჩევას, თუ კონკრეტულად რომელი არასამთავრობო ორგანიზაციაა მართლაც არასამთავრობო. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა არსებობდნენ იმისთვის, რომ შეაფასონ ხელისუფლების ესა თუ ის პოზიცია/ნაბიჯი, და შევიდნენ დებატებში ხელისუფლებასთან. დებატები აუცილებელია იმის გამო, რომ დიალოგში იშვება უკეთესი გზა, საზოგადოების კეთილდღეობისათვის. ეს მოდელი, რომლითაც კანონმდებლობის თანახმად ხელისუფლების ორგანოებსაც აქვთ საშუალება შექმნან არასამთავრობო ორგანიზაციები, ვფიქრობ შორს გამიზნული ჩანაფიქრია, რის შედეგადაც შესაძლებელია დამოუკიდებელი ორგანიზაციები გაქრნენ და მხოლოდ ხელისუფლების ორგანიზაციები დარჩნენ ასპარეზზე. შედეგად კი მივიღებთ ჩრდილოეთ კორეას, სადაც ”ყველაფერი კარგადაა და ყველა ბედნიერად ცხოვრობს”, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ექსპერტმა, ლევან ჩხაიძემ.

ამ სააგენტოს ახლა ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - თანამდებობიდან ხმაურიანად, ე.წ. ბახმაროს სკანდალის გაღვივების შემდეგ წასული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელის მამუკა დოლიძე. მართალია, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მაგრამ სამთავრობო კულუარებში დღემდე საუბრობენ, რომ დოლიძეს თანამდებობა დაატოვებინეს. მას შემდეგ 5 თვე გავიდა. ამ ხსნის განმავლობაში ყოფილი გამგებლის ახალი სამსახურის შესახებ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა საბოლოდ არცერთი არ დადასტურდა. როგორც კულუარებში ითქვა, დოლიძე “ზევით” დაბლოკეს. როგორც ამბობენ, ეს თანამდებობა დოლიძისთვის ნაციონალების მიერ გადახდილი ხარკია, არჩევნებში გამოჩენილი გულმოდგინებისთვის.

დოლიძე პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას ამბობს რომ ამ სააგენტოში ფული ჯერ არ უკეთებია.

ბატონო მამუკა, დავიწყოთ თავიდან. როგორ მოხდა, რომ ორგანიზაცია, თუ სააგენტო, როგორც ეს წესდებაშია, საკმაოდ ჩუმად, ყოველგვარი პიარის გარეშე შეიქმნა?

- ორგანიზაცია შეიქმნა ორი წლის წინ და დამფუძნებლები არიან მუნიციპალიტეტის გამგეობები. მე, როგორც წარმომადგენელმა, მონაწილეობა მივიღე დაფუძნებასა და მიზნების განსაზღვრაში. არასამთავრობო ორგანიზაციას, კერძო ბიზნესმენს და ა.შ. წევრობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ ორგანიზაციას. მსგავსი ორგანიზაციები წარმატებით მუშაობენ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, სწორედ მათი რეკომენდაციებით და გამოცდილებების საფუძველზე შეიქმნა ეს ორგანიზაცია. თავის დროზე რეკომენდაციები და კონსულტაციები დაფუძნების თაობაზე აგრეთვე მიღებულ იქნა რეგიონალური განვითარების სამინისტროსგან, საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისაგან, ევროპის რეგიონთა ასამბლეის გენერალურ მდივან კლაუს კლიპისაგან, კახეთისა და თბილისის რეგიონალური განვითარების სააგენტოებისაგან. ევროპაში მსგავსი სააგენტოები დიდი ხანია მოქმედებს. საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში, არსებობს მსგავსი სააგენტოების ქსელი, სადაც ვეცდებით მომავლისთვის გაწევრიანებას.

რსებობს ეჭვი, რომ ამ ორგანიზაციით საკმაოდ დიდი ფული იშოვა ხელისუფლებამ. როგორც გვითხრეს, ამ სააგენტოს მოგებული აქვს რამდენიმე პროექტი, მათ შორის ერთ-ერთი - წინასაარჩევნოდ. ამ პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო დებატები. თუ გახსოვთ, სად და რა ფორმატში გაიმართა პროექტით გათვალისწინებული დებატები?

- ორგანიზაციას ჯერჯერობით არცერთი პროექტი არ აქვს მოგებული (წარდგენილიც არ ქონია). მან გაიარა მოსამზადებელი ეტაპები. პირველ ეტაპზე გასაუბრებით (დამფუძნებლებისაგან) შეირჩა სხვადასხვა პროფესიის მოტივირებული, ლიდერის თვისების მქონე ახალგაზრდები და ჩაუტარდათ ტრენინგი პროექტის დიზაინსა და მართვაში. 2010 წელს ისინი მიწვეულ იქნენ ტრენინგზე ქალაქ ბუსტენში (რუმინეთი), ტრენინგის თემა იყო ”მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება”.

თანამდებობიდან საკმაოდ სკანდალურად წახვედით... ხელისუფლებამ საარჩევნოდ გაწეული ამაგი არ დაგიფასათ... ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია თქვენი სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.... ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ერთი, წლის განმავლობაში  “მიდუმებულისააგენტო აქტიურდება და მისი ხელმძღვანელი თქვენ ხართ... ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომნაციონალებივალს გიბრუნებენ?

- მიდუმებულად ნუ ჩავთვლით, რომ მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები, და ახალგაზრდები ცდილობდნენ დაემყარებინათ კონტაქტები სხვადასხვა დონორ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან...

ეს სააგენტო ფულის გასაკეთებლად არ შექმნილა?

- სააგენტოს შექმნის ერთადერთი მიზანი არის ახალგაზრდების დასაქმება, რეგიონის სოციალურ- ეკონომიკური განვითარება და ა.შ. - იმ მიზნების მიღწევა, რაც წესდებით არის გათვალისწინებული. როგორც უკვე მოგახსენეთ, ევროპაში უკვე დიდი ხანია არსებობს მსგავსი სააგენტოები. საქართველოში რამდენიმე წელია თითქმის ყველა რეგიონში წარმატებით ახორცილებენ სხვადასხვა პროექტებს. მსგავსი ორგანიზაცია არის საშუალება ზოგადად დონორებთან ურთიერთობებისა, - აღნიშნა დოლიძემ.

მისი თქმით, სააგენტოს კავშირი არა აქვს საინფორმაციო სამსახურის შექმნასთან, რომელსაც ჩოხატაურში თანამშრომლები ოფიციალურად ჰყავს, თუმცა თავად ეს ოთახი, რომელიც დონორების მიერ გამოყოფილი ფინასებით გაკეთდა, დღემდე ცარიელია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია გიორგაძე ამბობს, რომ საინფორმაციო სამსახურში დანიშნული ადამიანები კანცელარიაში მუშაობენ (?!), რადგან საინფორმაციო სამსახურის მუშაობისთვის გამგეობის და საკრებულოს ერთიან ქსელში ჩართვაა საჭირო. თუმცა რა ქსელზეა საუბარი ან როდის უნდა ჩაირთოს გიორგაძემ არ დაგვიკონკრეტა.