პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი, დიპლომატ, ვიქტორ დოლიძეს უსმენენ.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ძალიან ცუდად ჩანს, როდესაც უცხო ქვეყნის საპარლამენტო, თუ აღმასრულებელ კედლებში მიმდინარეობს დებატები ქართველ პარლამენტარებს შორის მით უმეტეს ინტეგრაციის გზაზე მდგომი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
„ძალიან ცუდად ჩანს, ზოგადად, როდესაც უცხო ქვეყნის, იქნება ეს, თუ ორგანიზაციის საპარლამენტო, თუ აღმასრულებელ კედლებში მიმდინარეობს ამგვარი დებატები ერთიდაიგივე ინტეგრაციის გზაზე მდგომი ქვეყნიდან პარლამენტარებს შორის.
სულ ძირითადად მე მახსოვს, რომ რამდენჯერ ვიყავი, რამდენჯერ შევეცადე მე პირადად, ჩვენი კომიტეტის , კოალიციის წევრები, რომ განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო გვქონოდა საერთო კონსოლიდირებული ხედვა. ტერიტორიული მთლიანობა იქნებოდა ეს, ინტეგრაციული საკითხები, თუ ნებისმიერი სხვა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
თეა წულუკიანის შეკითხვაზე აღწევდნენ თუ არა შეთანხმებას ერთმანეთში, ვიქტორ დოლიძემ უპასუხა, რომ შეთანხმება ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღწეოდა.
„ვერავითარ შემთხვევაში. არ მახსოვს, რომ მიგვეღწიოს“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ვიქტორ დოლიძის თქმით, გამოხვიდე და ანტისახელმწიფოებრივად, შენი ქვეყნის წინაშე ევროპარლამენტის კედლებში აკეთო ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომდგენლები აკეთებდნენ, ეს იქნებოდა ცალკეული რეზოლუციები, დეკლარაციების, პოლიტიკური სახის დოკუმენტების მიღება, თუ განცხადებების კეთება, ეს იყო ყოვლად მიუღებელი რამ.
„ცუდად ჩანს იმიტომ, რომ არის საკითხები, რასაც შეიძლება შენ დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო. თქვენ ახსენეთ ჩემი იმ დროს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი. რა თქმა უნდა იყო საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებოდით, დღესაც შეიძლება ბევრ რამეზე შეთანხმდე, ბევრზე ვერა. მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ საკითხებს, ბუნებრივია, არ ვეხები. მაგრამ გამოხვიდე და ანტისახელმწიფოებრივად, შენი ქვეყნის წინაშე იმ კედლებში აკეთო ის, რასაც ისინი აკეთებდნენ, ეს იქნებოდა ცალკეული რეზოლუციები, დეკლარაციების, პოლიტიკური სახის დოკუმენტების მიღება, თუ განცხადებების კეთება, ეს ყოვლად მიუღებელი იყო. ამის უფლებას მე ჩემს თავს ვერ მივცემდი და შინაგანადაც არ უნდა იკადრო ეს. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ამ პრობლემებს ყოველთვის ვაწყდებოდით და კულისებში მიმდინარეობდა მუშაობა,“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.