თეა წულუკიანი: გიორგი გახარია არის სასეირნოდ წასული და კიდევ ღმერთმა უწყის, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ინტერესების წინააღმდეგ რა ვიზიტები აქვს დაგეგმილი

თეა წულუკიანი: გიორგი გახარია არის სასეირნოდ წასული და კიდევ ღმერთმა უწყის, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ინტერესების წინააღმდეგ რა ვიზიტები აქვს დაგეგმილი

გიორგი გახარია ჯანმრთელობის არავითარი პრობლემებით ანადოლუს ან სხვა რომელიმე კლინიკაში არ იმყოფება, ის არის სასეირნოდ წასული და კიდევ ღმერთმა უწყის, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ინტერესების წინააღმდეგ რა ვიზიტები აქვს დაგეგმილი. ამიტომ, ეს არ არის  ტოლფასი ვითარება, სადაც გაგვიჩნდებოდა ვალდებულება, რომ მოვიქცეთ ისევე, როგორც მოვიქეცით ბატონი გიორგი ბურჯანაძის შემთხვევაში,  -  ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გიორგი გახარიას წერილის განხილვისას განაცხადა, რომელიც ითხოვს, კომისიაზე დისტანციურად ჩართვის საშუალება მიეცეს და მსგავსი გზით კომისიის მიერ გამოკითხული პირები მოჰყავს მაგალითად.

თეა წულუკიანმა განიხილა ყველა ის ადამიანი, რომლებიც გახარიამ მაგალითად დაასახელა და აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა ისეთი პირობები, რომ კომისიას გასჩენოდა ვალდებულება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსიც მსგავს მდგომარეობაში ჩაეყენებინა.

„როდესაც ის ამბობს, რომ ქალბატონი ნონა ყაულაშვილი, რომელიც ჩოხატაურიდან ჩაერთო, ის ჩართეთ და მე არ ჩამრთეთო, იქ ვითარება ისეთი იყო, რომ ქალბატონ ნონას არ ჰყავდა  არასრულწლოვანი შვილების დამტოვებელი, მეუღლე მუშაობს და ჩვენ ჩავრთეთ. გახარიას შემთხვევა ასეთი არ არის, ანუ, აქაც არ გვიჩნდება ვალდებულება ისე მოვექცეთ, როგორც მოვექეცით ქალბატონ ნონა ყაულაშვილს.

დავით ბაქრაძეს ასახელებს, რომელიც არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გაეროში, შესაბამისად, მას სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არ ჰქონდა და ვერ ექნებოდა საშუალება, ნიუ-იორკიდან ჩამოფრენილიყო და მერე უკან გაფრენილიყო. შესაბამისად, ბატონი გახარია არ არის ანალოგიურ ვითარებაში. პირიქით, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს მოექცე განსხვავებულად. კაცმა ის თქვა თათბირზე, რა ვიცი, რეზინის ტყვიებს რომ ვისროდი, ეკონომისტი ვარო, ამიტომ, ესეც ალბათ, ნახევრად იურიდიულად დაწერილი წერილია.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც მან განმარტა, გახარიას უარს არ ეტყვიან ჩართვაზე, თუმცა, საგამოძიებო კომისიას ორი პირობა აქვს, რომელთაგან ერთის მიხედვით, თავად გახარიამ უნდა უზრუნველყოს ჩართვისთვის ნორმალური პირობების შექმნა ლოგისტიკურად, ხოლო მეორე პირობის თანახმად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებამდე, რომ მასთან შეკითხვები აღარ აქვთ, გახარია კომისიის სხდომაზე უნდა იყოს წარმოდგენილი.

„მას მერე, რაც უარი ვუთხარით ჩართვაზე, ამ მეორე მოთხოვნას ვიხილავთ რა, არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ, კომისიის მოთხოვნა არის, რომ მან 2 ივლისს უზრუნველყოს საამისოდ ტექნიკურად და ლოგისტიკურად ჩართვისთვის ნორმალური პირობები მისი მხრიდან და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას, რაც გამორიცხავს ნებისმიერ სხვაგვარ ქმედებას, გარდა იმისა, სანამ თავმჯდომარე არ იტყვის კომისიის სახელით, რომ ბატონი გახარიას ახსნა-განმარტების ნაწილში სხდომა ამოწურულია, მას ექნება ჩვენთან ერთად ყოფნის ვალდებულება.“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.