რეალურად, რასაც „ქართულ ოცნებას“ ედავებიან და აბრალებენ, ყველაფერს ამას, საფუძველს უყრის ან ამყარებს ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც არიან ან პოლიტიკაში, ან არასამთავრობო ორგანიზაციების სახით გვევლინებიან ან მედიის გარკვეული ნაწილის სახით გვევლინებიან საქართველოში და ერთიანად ემსახურებიან ამ მიზანს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები განიხილება.
მან აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი აქტიურად გამოიყენეს, როგორც ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული ინსტრუმენტი.
ბოჭორიშვილის თქმით, ყველა კამპანია, რეალურად ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული.
„არ შეიძლება არ ითქვას სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, რომელიც აქტიურად გამოიყენეს სწორედ იმისთვის, რომ ინსტრუმენტი გამხდარიყო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ის ყოფილიყო მარტო ერთადერთი ლეგიტიმური.
ყველა ეს კამპანია, რეალურად, მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. როდესაც შენ არ აღიარებ ცესკო-ს, სასამართლოს, პარლამენტს და მერე ამბობ, რომ რაღაც სიკეთე გინდა ამ ქვეყნისთვის, უბრალოდ, არალოგიკურია. თუ გინდა, ქართველმა ხალხმა მიიღოს სიკეთე, მაშინ, პატივი უნდა სცე ამ ქართველი ხალხის არჩევანს და პატივი უნდა სცე იმ შედეგს, რაც არის ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგი. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ აქ ხდება გაყოფა, ვინ არის მათთვის ხალხი და ვინ არ არის ხალხი, ცოტა უჭირთ კიდეც ეს, თუმცა, მცდელობები ამისა, არის ძალიან დიდი.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.