კახა კალაძე სუს-ის ანგარიშზე: ოკუპაცია ქვეყნის უდიდესი გამოწვევაა - ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება

კახა კალაძე სუს-ის ანგარიშზე: ოკუპაცია ქვეყნის უდიდესი გამოწვევაა - ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება

„არ მეგულება ადამიანი, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს და მისთვის პრიორიტეტი არ იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ჩვენი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, რაც ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევაა“, - განუცხადა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრისას.

კახა კალაძის თქმით, საქართველომ პრაგმატული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ტერიტორიები დაიბრუნოს.

„მე არ მეგულება ადამიანი ქვეყანაში, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო და მისთვის ნომერ პირველი და მთავარი პრიორიტეტი არ იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, რაც ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევაა და ჩვენ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გონიერებით, პროფესიონალიზმით, ჭკუით, სიძლიერით და ეკონომიკური განვითარებით შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მან ასევე საქართველოში გარე დაფინანსებით რევოლუციების მცდელობებზე ისაუბრა და შესაბამისი სამსახურების გამართულ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.

„რაც შეეხება რევოლუციების მოწყობის მცდელობებს, სამწუხაროდ არაერთი მაგალითი ვიხილეთ ქვეყანაში და უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირ გარე ჩარევებითა და გარე დაფინანსებით ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები ქვეყანაში, რაც შესაბამისმა სამსახურებმა სწორი მუშაობით აარიდეს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.