სასამართლომ გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

სასამართლომ გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

სასამართლო სხდომას ვაშაძე არ ესწრებოდა.

გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 15 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.