დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განმარტებით, ონლაინ ჩართვის დროს გიორგი გახარიამ შეიძლება მიკროფონი გამორთოს და შემდეგ ექსპერტიზა იქნება საჭირო რეალურად მან გამორთო თუ ტექნიკური ხარვეზი იყო, შესაბამისად, მათ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ონლაინ ჩართვა არ იქნება მიზანშეწონილი.
როგორც თეა წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, გიორგი გახარიას მოუწევს 2 ივლისისთვის საქართველოში ჩამოვიდეს, წინააღმდეგ შემთვევაში, ეს იქნება პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი.
"როდესაც პირველ ჯერზე გახარია იყო მოსული, მე არ ვიცი რამდენად ჩანდა ეს ეკრანზე, მაგრამ კომისიის წევრები ვინც იქ ვიყავით, ჩვენ მრავალჯერ ვნახეთ, რომ მან ხან მიკროფონს დაარტყა, ხან წასვლა უნდოდა და გათიშა, ხან საათზე ირტყამდა ხელს და მეუბნებოდა, რომ აქ როდემდე უნდა ვიჯდეო. იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც ის რომ არ შემეკავებინა, რადგან სხდომის წაყვანაზე პასუხს მე ვაგებ, ერთი სული ჰქონდა დარბაზს როდის დატოვებდა. შესაბამისად, იმიტომ, რომ პროკურატურას აქვს კითხვები, იმიტომ, რომ მას არ აქვს ჩვენთან პირდაპირი ურთიერთობის სურვილი, რაკი თან ქვეყნიდან გაიქცა, არის შანსი, რომ ის ჩაგვერთოს, რათა არ იყოს დანაშაულის შემადგენლობა სახეზე, მერე გათიშოს მიკროფონი და მერე ჩვენ უნდა ვატაროთ ექსპერტიზა, ნამდვილად მან გათიშა თუ ხარვეზი იყო. ამიტომ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად თავისუფალი, კომისია არის აბსოლუტურად თავისუფალი კანონის ფარგლებში თვითონ ჩამოაყალიბოს მოთხოვნები, რომლის შეუსრულებლობა არის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ჩვენ ვართ თავისუფალი ამაში, შესაბამისად, კანონის ფარგლებში ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ არ იქნება მიზანშეწონილი. ჩვენ სათამაშო ბავშვთა ცენტრში ხომ არ ვმუშაობთ, ეს არის პარლამენტი. ამიტომ, მას მოუწევს 2 ივლისისთვის ჩამოსვლა. მანამდე არის ძალიან ბევრი დრო, შეუძლია ბილეთი იყიდოს, ჩამოფრინდეს და უკან გაბრუნდეს. თუ არადა, ეს რა თქმა უნდა, იქნება პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.