ფრენკ მარინო - სრული გიტარული სპექტრის მეუფე…

ფრენკ მარინო - სრული გიტარული სპექტრის მეუფე…

ასეთ შეფასებას აძლევს გიტარისტ ფრენკ მარინოს სახელგანთქმული ჟურნალი Guitar Player, რომელსაც აზრი ნამდვილად მოეკითხება. საინტერესო კი ისაა, რომ კანადელი მუსიკოსი აღიარებით ახლოსაც ვერ მივა ცნობილ ბლუზ თუ როკ გიტარისტებთან, რომელთა ჩამოთვლას ამჟამად ბუნებრივია, რომ არ შევუდგებით.

ბუნებრივია, რომ ფრენკ მარინოს დაკვრის ტექნიკის გავლენის გარეშე არ დარჩენილა თანამედროვეობის მრავალი ცნობილი გიტარ ტექნიკოსი, მათ შორის კი ექსპერტები უპირველეს ყოვლისა ზაკ უაილდსა და პოლ ჯილბერტს მოიაზრებენ.

ფრანჩესკო ანტონიო მარინო 1954 წლის 20 ნოემბერს კანადის ქალაქ მონრეალში დაიბადა. დედით არაბი და მამით იტალიელი ბიჭუნა ბავშვობიდანვე ჰიპურმა ტალღამ მოიცვა და ამ მიზეზით მას სკოლაც კი არ დაუმთავრებია და მხოლოდ შვიდი კლასის განათლებით შემოიფარგლა.

„მაშინდელი თაობა სრულიად განვსხვავდებოდით დღევანდელისგან; ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და ომს ვაპროტესტებდით. დღეს კი ახალგაზრდები ერთმანეთს ზიზღითა და შურით უყურებენ“ - ამბობს სამოც წელს მიღწეული ფრენკი  და სიამოვნებით იხსენებს მუსიკოსად ჩამოყალიბების წლებს, როდესაც მის იდეალებს ჯიმი ჰენდრიქსი, ბითლზი და დორზი წარმოადგენდნენ...

ფრენკი ადრეული ბავშვობიდანვე ავლენდა მუსიკისადმი ინტერესს და უკვე ხუთი წლის ასაკში ეუფლებოდა დასარტყამ ინსტრუმენტებს. საბოლოოდ კი მას არჩევანი თურმე გიტარაზე უნდა შეეჩერებინა.

სკოლიდან გამოსული მოზარდი, გარდა იმისა, რომ გიტარაზე დაკვრას შეისწავლიდა, LSD-საც ეძალებოდა. საბოლოოდ სწორედ ამ ორი გატაცების ერთიანობამ განაპირობა საოცარი ტექნიკის გამომუშავება, Guitar Player-ის ზემოთხსენებული შეფასება რომ განაპირობა.

ყველაფერი LSD „მოგზაურობით“ დაიწყო, რამაც საბოლოოდ ფრენკი რეალობასთან ისე მკაცრად შეაჯახა, რომ აიძულა გიტარის მეშვეობით სპრინტერული ტემპით სტიმულატორის მოშორება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დიდი ხნის გარდაცვლილი იქნებოდა...

ფრენკ მარინოს დაკვრის ტექნიკასთან დაკავშირებით ლეგენდები დღემდე შემორჩა - რომ თითქოს იგი ავტოკატასტროფაში დაიმსხვრა, კომაში ჯიმი ჰენდრიქსის სულმა შთაბერა მისი სხეული და გამოჯანმრთელებისთანავე მან ჰენდრიქსივით დაკვრა დაიწყო...

არსებობს კიდევ განსხვავებული ვერსიებიც, მაგრამ თავად მუსიკოსი აცხადებს, რომ სწორედ LSD-ს დამსახურებაა დაკვრის საოცარი ტექნიკის გამომუშავება, რადგან თუკი იგი დღე-ღამეს არ გაასწორებდა დაკვრაში, მას, უბრალოდ, LSD მოკლავდა...

აი ასეთი მეთოდით, მარინომ თანდათანობით მოიშორა მავნე ჩვევა და სერიოზულ მუსიკოსად ჩამოყალიბდა. პირველი ჯგუფი Mahogany Rush მუსიკოსმა 16 წლის ასაკში, 1970 წელს ჩამოაყალიბა და ორი წლის შემდეგ, როკ სამყაროს ფრენკ მარინოს სადებიუტო ალბომი Maxoom მოევლინა.

ჯგუფის სასცენო მოღვაწეობა მხოლოდ საკუთარი რეპერტუარით არ შემოიფარგლებოდა და კონცერტებზე მისული მსმენელი The Doors-ის, The Beatles-ის, ჯონი ვინტერის, ჯიმი ჰენდრიქსის, Pink Floyd-ის, Cream-ისა თუ Grateful Dead-ის გადამღერებებით შეიძლებოდა რომ დამტკბარიყო. 

ჯიმი ჰენდრიქსის უდიდესი ზეგავლენის გარდა, ფრენკ მარინოს შთამაგონებლები Quicksilver Messenger Service-ის გიტარისტი ჯონ კიპოლინა, ასევე დიუან ალმანი, ჯონი ვინტერი, კარლოს სანტანა იყვნენ. საბოლოოდ სწორედ ამ გიტარისტების ენერგეტიკამ შეავსო შედარებით უმცროსი ასაკის ფრენკის თვითნასწავლი ხელწერა, რაც გამოიხატა ფსიქოდელიაში, ბლუზურობაში, ფიუჟენის ალღოსა და გლობალურობაში, რამაც კიდევ ერთხელ Guitar Player-ის ზემოთხსენებული შეფასება განაპირობა...

გაივლის წლები და მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი ვერასოდეს გახდება „მეინსტრიმ“ მუსიკოსი, ოდნავ დაკვირვებული ყურისთვისაც კი ნათელი შეიქმნება თუნდაც 1976 წლის Mahogany Rush IV ალბომში, პრაქტიკულად მულტიინსტრუმენტალისტ ფრენკ მარინოს საკმაოდ ღრმა მუსიკალური განსწავლულობა, აბსოლუტურად რომ უარყოფს შეხედულებას - თითქოს ფრენკ მარინო მხოლოდ სწორხაზოვანი და დაკვრის ტექნიკაზე ორიენტირებული მუსიკოსია.

მოვლენებს თუკი წინ გავუსწრებთ, ფრენკ მარინომ ბლუზმენის თვალსაზრისითაც გამორჩეული დაკრით დაგვამახსოვრებინა თავი ალბერტ კინგისა და სტივ რეი ვოგენის გასახსენებელ ალბომებში.

და მაინც, ფრენკ მარინოს უდიდესი შთამაგონებელი ჯიმი ჰენდრიქსია და 1978 წელს California Jam-ის ფესტივალზე მის მიერ გადამღერებული Johnny B. Goode-ის ჰენდრიქსისეული ვერსია გვაკვირვებს არამხოლოდ გიტარული ენერგეტიკით, არამედ შესანიშნავი ვოკალური ხედვითაც.

საბოლოოდ მარინომ ჰენდრიქსის მისებრ ვოკალური თვალსაზრისით მიმდევრების  სკოლაც შექმნა, რომლის ღირსეული წარმომადგენლები ჯიმი დი ლეინი, პოპა ჩაბბი, The Hamsters-ის მომღერალი ბერი მარტინი თუ კიდევ სხვანი არიან.

თუკი 1974 წელს California Jam-ის პირველ ფესტივალს Deep Purple, Black Sabbath, Emerson Lake & Palmer ამშვენებდნენ, 1978 წლის მეორე ფესტივალზე ფრენკ მარინოსთან ერთად პუბლიკის წინაშე Santana, Heart, Aerosmith, Foreigner, Ted Nugent და სხვები წარსდგნენ.   

ფრენკ მარინოს Live Album -მა კი ზემოთხსენებულ Johnny B. Goode-თან ერთად, ჰენდრიქსის კიდევ ერთი ნაწარმოები - Purple Haze გააერთიანა. ალბომიდან ასევე აღსანიშნავია ვირტუოზული სოლოებით დახუნძლული ბლუზი I’m A King Bee.

საკონცერტო სულისკვეთება Mahogany Rush -ის მომდევნო ნამუშევარმა Tales Of An Unexpected-მაც შეინარჩუნა. ალბომის პირველი ნაწილი სტუდიურია და The Beatles-ის Norvegian Wood-ის ეკზოტიკურ და ბობ დილანის All Along The Watchtower-ის ჰენდრიქსისეულ ვერსიებს მოიცავს. აი მეორე გვერდი კი ახალი სიმღერების საკონცერტო შესრულებებითაა დაკომპლექტებული.

1981 წლის ალბომი The Power Of Rock’n’Roll ფრენკის პირველი ოფიციალური სოლო ალბომია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სიმძლავრის, ენერგეტიკისა თუ როკ’ნ’როლის მუხტის მატარებელი ალბომი კანადელ მუსიკოსს მეტი აღარც შეუქმნია. მომავალში მისი მუშაობის ინტენსივობამ იკლო და დღესდღეობით მარინო  პრაქტიკულად მხოლოდ საკონცერტო მოღვაწობით შემოიფარგლება.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან ფრენკი სცენაზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. იმპროვიზაციულობა და ტექნიკა ხომ მას არასოდეს ჰღალატობს, ხოლო ერთგვარი სწორხაზოვნება კი დამატებით ეშხს სძენს სიწრფელიდან გამომდინარე მის უაღრესად ალალ დაკვრას, რისთვისაც უკვე ათწლეულების მანძილზე მუსიკოსი Gibson SG მოდელის გიტარას იყენებს.