ბათუმში ნეპტუნის ქანდაკებას ოქროში ავლებენ

ბათუმში ნეპტუნის ქანდაკებას ოქროში ავლებენ

[ნინო მიქიაშვილი]
ბათუმში აკაკი წერეთლის ბიუსტის ადგილსამყოფელს დღემდე ვერ მიაკვლიეს; უსაშველოდ გაჭიანურდა 1921 წელს, ბათუმის გათავისუფლებისთვის, თურქებთან შეტაკებისას დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალის დადგმის საკითხი; სამაგიეროდ, თურმე ნეპტუნის ქანდაკების მოოქროვება მიმდინარეობს და როგორც ბათუმის საკრებულოს რესპუბლიკელმა დეპუტატმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა გვითხრა, ეს პროცესი გასაიდუმლოებულია.

დაიძრა თუ არა ადგილიდან 1921 წელს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალის აღმართვის საკითხი?
ირაკლი ჩავლეიშვილი: სამწუხაროდ, ეს საკითხი ჭიანურდება. მოგეხსენებათ, ესაა საქართველოს ისტორიის მძიმე მონაკვეთი და ამავდროულად, ის მომენტი, როცა ქართველებმა გაიმარჯვეს და ბათუმი საქართველოს შეუნარჩუნეს, რაც გენერალ მაზნიაშვილისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის დამსახურებაა. 1990 წელს გათხრები ჩავატარეთ, დაღუპულების საფლავები მოვიძიეთ, მათი ნეშტები თეატრის შენობაში გადავასვენეთ, გავაპატიოსნეთ და ისევ პირვანდელ ადგილას დავკრძალეთ. ამ პროცესში მთელი ქალაქი მონაწილეობდა. ადგილი, სადაც ჩვენი გმირები არიან დაკრძალულები, ბათუმში ყველაზე წმინდა ადგილია. 80 ადამიანი დაიღუპა; ვისაც იმ პერიოდში ნათესავი გამოუჩნდა, გადაასვენეს და ახლა ქალაქის ცენტრში, ყოფილი ლენინის მოედანზე, 50 საფლავია დარჩენილი.

1990 წელს კონკურსი ჩავატარეთ; გია რამიშვილის პროექტმა გაიმარჯვა; იქ ეკვდერი უნდა დადგმულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, მოგეხსენებათ ოთხმოცდაათიან წლებში, საქართველოში მოვლენები როგორ განვითარდა – ამ მემორიალისთვის ვეღარავინ მოიცალა, ხოლო შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების სათავეში აღარ მოვიდა ისეთი ძალა, რომელიც დაღუპულ მებრძოლებს პატივს მიაგებდა.

გასულ გაზაფხულზე, წინა მოწვევის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ ამ მემორიალის აღმართვის საკითხი არაერთხელ დასვა. საკმაოდ სოლიდური თანხები დაიხარჯა, მითიური გმირების ქანდაკებებისთვის, იგივე ნეპტუნისთვის, მაგრამ 1921 წელს დაღუპულების მემორიალისთვის ვერც თანხა გამოინახა და ვერც კონკურსის ჩატარებას დაადგა საშველი, მაშინ, როცა მაგალითად, თბილისში, გმირთა მოედანზე, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი თვალის დახამხამებაში დადგეს, ისე, რომ არც დიდი დრო დასჭირვებიათ, არც კონკურსი გამოუცხადებიათ და არც თანხა უძებნიათ.

ბათუმის მერიამ კონკურსი კი გამოაცხადა, კომისია შექმნა, მაგრამ ეს უღიმღამოდ გაკეთდა – სათანადო საინფორმაციო უზრუნველყოფა არ მომხდარა, რის გამოც პროექტები მხოლოდ ორმა ბათუმელმა წარმოადგინა. როდესაც ეს პროექტები განვიხილეთ, აღმოჩნდა, რომ ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომელიც გვქონდა. იმავე სხდომაზე კონკურსის ხელმეორედ ჩატარება მოვითხოვეთ, მაგრამ ეს საკითხი ადგილიდან დღემდე არ დაძრულა. მომავალი კვირიდან ბათუმის საკრებულოში კონკურსის შესახებ საკითხს ისევ დავაყენებ. საკრებულოში კიდევ 4 ოპოზიციონერი დეპუტატია და თუ ისინიც დამიჭერენ მხარს, ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში ხუთნი ვიქნებით.

სხვათა შორის, პარასკევს, ბათუმის საკრებულოში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, ძეგლებისა და პოსტამენტების დადგმას 800 000 ლარი მოხმარდება.

კონკრეტულად რომელი ძეგლებისთვის გამოიყო 800 000 ლარი?
– საქმე იმაშია, რომ ეს პროგრამულად არ არის გაწერილი და არავინ არ იცის: რამდენი ძეგლი უნდა დაიდგას, რა ძეგლები იდგმება, სად იდგმება, ვინ არის მათი ავტორი. ფაქტიურად, ჩვენ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, რაც რეგლამენტის უხეში დარღვევაა.

როდის იხსნება ნეპტუნის ქანდაკება?
– ნეპტუნის ქანდაკება ერთხელ უკვე გაიხსნა და ახლა შეიძლება მეორედ გახსნან – არ ვიცი რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა თავში ნეპტუნის მოოქროვება, თანხმლები მანდილოსნებით. ჩემში ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ამ ქანდაკების მოოქროვება და და ის, თუ რა თანხებით ხდება ეს.

ნეპტუნის თანმხლები მანდილოსნების მოოქროვებაც ხდება?
– ქანდაკება ხარაჩოებში ჩასმული, შეფუთულია და შიგნით რა ხდება, არავინ იცის. გაგეცინებათ, მაგრამ ეს არის დახურული ინფორმაცია – ადამიანმა ამის გაგება, რომ მოინდომოს, შესაძლებელია უთხრან, რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არა მარტო საკრებულოს უმცირესობას, არამედ, უმრავლესობასაც არა აქვს. წინა მოწვევის საკრებულოში მე გავახმოვანე ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ნაცვლად ნეპტუნის ქანდაკებას დგამდნენ, რომლის მოოქროვება ახლა გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობს.

მაშინ როცა ნეპტუნის ქანდაკება ასეთ პატივშია, აკაკი წერეთლის ძეგლი რამდენიმე წელი სანაგვეზე, ეგრეთ წოდებული ხოზდვორის ტერიტორიაზე მაპატიეთ და ეგდო. აკაკის ბიუსტმა ადგილმონაცვლეობა ორჯერ განიცადა. ბოლოს საზღვაო ვაგზლის მიმდებარე სკვერში იყო. შემდეგ იქიდან მოხსნეს და გადაიტანეს სამეურნეო ეზოს ტერიტორიაზე, იქ, სადაც სანდასუფთავების მანქანებია.

ერთი ამბავი, რომ ატყდა და გაიგეს, რომ ოპოზიცია აპირებდა აკაკის ბიუსტის იქიდან წამოღებას და ერთ–ერთ სკევრში მიტანას, “ნაციონალებმა“ ბიუსტი ღამით მოიპარეს, გადამალეს და თქვეს, რომ სათანადო ადგილს მიუჩენდნენ, მაგრამ მის ადგილსამყოფელს დღემდე ვერ მივაკვლიეთ.

აი, მაგალითად, საზღვაო აკადემიის მოპირდაპირე სკვერში შემორჩენილია პოსტამენტი, რომელზეც ჩვენი კლასიკოსი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი იდგა. ნინოშვილის ბიუსტი 4 თუ 5 წლის წინ მოიპარეს; ამაზე დღემდე არავინ ზრუნავს; სამაგიეროდ, ნეპტუნს და მედეას არ აკლებენ ყურადღებას. ხომ გაგიგიათ, “უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო?!“ – ასეთი სიტუაციაა. რაღაც მითიურ გმირებს უდგამენ ძეგლებს, როდესაც ჩვენი კლასიკოსების ძეგლები, რომლებზეც ქართველი ერი აღიზარდა, უპატივცემულო მდგომარეობაშია. ამით ყველაფერია ნათქვამი.

როგორ შეიძლება მოიპოვოთ ინფორმაცია, იმაზე, კონკრეტულად რაში დაიხარჯება 800 000 ლარი?
– წინა მოწვევის საკრებულოში, როდესაც ძველი ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურის დაფინანსებისას, ამა თუ იმ მშენებლობის ირგვლივ ინტერესს ვიჩენდი, ვწერდი ქალაქის მერს, რობერტ ჩხაიძეს და ვთხოვდი ჩემთვის, როგორც საკრებულოს წევრისთვის ინფორმაცია მოეცა, თუ რა შენდებოდა და რა თანხა ჯდებოდა. სხვადასხვა საკითხზე არაერთხელ მივმართე, მაგრამ პასუხი ვერც ერთხელ ვერ მივიღე.

ამჟამინდელი კანონდებლობით საკრებულოს თავმჯდომარე უპირატესი ფიგურა ხდება და მასთან მიმართებაში იგივეს გაკეთებას ვაპირებ – საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მივმართავ; ვეცდები გავარკვიო, როგორც ამ სოლიდური თანხის საკითხი, ისე ის, თუ სად არის აკაკის ბიუსტი; რას უპირებენ ნინოშვილის ბიუსტის პოსტამენტს – ახალ ბიუსტს დადგამენ, თუ რას იზამენ; რა თანხა იხარჯება ნეპტუნის მოოქროვებისთვის... აი, ასეთი გზის გავლა სჭირდება ამ ინფორმაციის მოპოვებას; მგონი აბსურდების თეატრში გადავდივართ.