შალვა პაპუაშვილი: ტრამპის მხრიდან პრეზიდენტ ყაველაშვილისთვის მილოცვის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ თავად ეს მილოცვის ტექსტი საელჩოს გაესაჯაროებინა, ვხედავთ ელჩის პოსტს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, რაც უცნაურია

შალვა პაპუაშვილი: ტრამპის მხრიდან პრეზიდენტ ყაველაშვილისთვის მილოცვის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ თავად ეს მილოცვის ტექსტი საელჩოს გაესაჯაროებინა, ვხედავთ ელჩის პოსტს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, რაც უცნაურია

ტრამპის მხრიდან პრეზიდენტ ყაველაშვილისთვის მილოცვის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ თავად ეს მილოცვის ტექსტი საელჩოს გაესაჯაროებინა, ვხედავთ ელჩის პოსტს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, რა უცნაურია მით უმეტეს, რომ თავად ელჩი ეს დღეებია, არ ჩანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” აშშ-ის საელჩოს დღევანდელ განცხადებაზე საუბრისას.

მისი შეფასებით, საელჩომ ამაზე თავად უნდა გააკეთოს განმარტება.

„შინაარსობრივად ითქვა კიდევაც, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმაც გამოაქვეყნა განცხადება ამასთან დაკავშირებით. არაფერი ახალი არ ხდება. ეს იცოდა მათ შორის წინა ელჩმა და ეს პოზიცია დიდი ხანია, არის ცნობილი, მით უმეტეს, ახლა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის სანქციები დაწესებული ბიძინა ივანიშვილის მიმართ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესში ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ჯო ბაიდენის მიერ პრეზიდენტობის დროს მიერ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით.

„ერთი საინტერესო დეტალია, როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ. ახლა, ამ წუთას, უკვე ერთი კვირაა დაახლოებით, კონგრესში მიმდინარეობს გამოძიება ბაიდენის მიერ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით - რამდენად იაზრებდა ის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებდა, ანუ მის კალამს ვინ მართავდა. ამაზე ტრამპმაც ისაუბრა და და მიდის ოფიციალური გამოძიება, რამდენად აცნობიერებდა ბაიდენი თავის გადაწყვეტილებებს, იყო თუ არა მისი მენტალური მდგომარეობა ისეთი, რომ საღად იღებდა გადაწყვეტილებებს.

აი, ასეთმა ადმინისტრაციამ გააფუჭა ქართველ ხალხთან ურთიერთობა, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, აბსოლუტურად თავზე ხელაღებული და არასამართლიანი დამოკიდებულებით - დამოკიდებულებით, რომელსაც შეეძლო, ამ ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოეტანა. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო დიდი ზიანი ვერ დადგა, მაინც რამხელა ზიანი მოუტანა ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს. ამ ადმინისტრაციამ, რომლის მიმართაც დღეს მიდის გამოძიება მიდის კონგრესში, თუ რამდენად ჰქონდა პრეზიდენტს გადაწყვეტილებები მენტალურად გააზრებული. ამ გადაწყვეტილებების ტყვე არის დღეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებისთვის.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი დავდეთ მაგიდაზე. ვამბობთ, დავიწყოთ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან. ვიხსენებთ წარსულს და ვამბობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების“ მსგავსი პარტნიორი რეგიონში არ ჰყოლია. გაიხსენონ ავღანეთის ომი, ჩახედონ ციფრებს, ნახონ, ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა როცა ემალებოდა ამ ომს, ტყვიებს და დენთის სუნს, მაშინ ქართველი ჯარისკაცები წინა ხაზზე იდგნენ. აი, ასეთ ხელისუფლებასთან, ასეთ ხალხთან და ქვეყანასთან გააფუჭა ურთიერთობა წინა ადმინისტრაციამ”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს აშშ-ის საელჩომ „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უპასუხა. ივანიშვილის განცხადებით,
პირადი შანტაჟის ფონზე ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.