ის ფუნქციები, რომლებიც გადანაწილდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე, კონსტიტუციის მიხედვით არის პროკურატურის და მთავრობის კომპეტენციის სფეროში, ყველაფერს ვაბრუნებთ კონსტიტუციის ჩარჩოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი დაუბრუნდება იმ სწორ ჩარჩოებს, რომელ ჩარჩოებშიც თავის დროზე იყო მოქცეული.
„სანდოობას რაც შეეხება, ასეც და ისეც უცხადებდნენ უნდობლობას. თქვენ გახსოვთ რომელიმე საქმე, რომელიც გამოიძია ამ სამსახურმა და მას ნდობა გამოუცხადეს? ხომ არ გახსოვთ ასეთი რამ, ამიტომ ეს არის ცარიელი საბაბი. რაც შეეხება თვითონ ცვლილებებს, თავის დროზე არ არსებობდა ეს სამსახური, ხელოვნურად გამოიყო, ეს იყო რაღაც ძალდატანება, აქაც, საქმე ეხებოდა სუვერენიტეტში ჩარევას და მოგვთხოვეს რაღაც ხელოვნური ორგანოს შექმნა მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური მოდელი. კონსტიტუციური მოდელის მიხედვით არსებობს კონკრეტული ორგანოები და ამის იქით ვერ წახვალ ჩვეულებრივი კანონმდებლობით, ანუ კონსტიტუციის ქვემდებარე კანონმდებლობით. ამ მოდელის მიხედვით არის აღმასრულებელი სტრუქტურები, არის პროკურატურა და ის ფუნქციები, რომლებიც გადანაწილდა შემდეგ ამ სამსახურზე, კონსტიტუციის მიხედვით არის პროკურატურის და მთავრობის კომპეტენციის სფეროში. ყველაფერს ვაბრუნებთ კონსტიტუციის ჩარჩოში. რაც შეეხება სანდოობას, ერთი საქმე გამახსენეთ, სადაც ნდობა გამოუცხადა ოპოზიციამ ან NGO-მ ამ სამსახურის მიერ გამოძიებულ საქმეს. ამიტომ, ეს ცარიელი სპეკულაციებია. ყველაფერი ჯანსაღდება. ეს ძალდატანებული ე.წ. რეფორმა შემოტრიალდება უკან და არავითარი რეფორმა ეს არ იყო. რეალურად, ყველაფერი დაუბრუნდება იმ სწორ ჩარჩოებს, რომელ ჩარჩოებშიც იყო გამოძიება თავი დროზე მოქცეული, ანუ არის გენინსპექციები, პროკურატურა, პროკურატურა არის 6 წლით არჩეული გენპროკურორით, დამოუკიდებელი ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლებისგან", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ მოხდა იდენტიფიცირება და თუ არის გატარებული რაიმე სამართლებრივი ზომები იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებზეც არსებობს კითხვები უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით.
„ამასთან დაკავშირებით კომპეტენტური არიან შესაბამისი ორგანოები, იგივე სამსახური, რომელიც ახლა უქმდება, შემდეგ გადავა ეს შესაბამისი უწყებების ფუნქციებში, იგივე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისი უწყებები გაგვცემენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს. როცა საუბარია ე.წ. დამოუკიდებელ უწყებაზე და ეს საგამოძიებო სამსახური არის ე.წ. დამოუკიდებელი უწყება, რატომ ჰქვია ამას დამოუკიდებელი? იმიტომ, რომ მე უფლება არ უნდა მქონდეს, ჩავერიო მათ საქმიანობაში, არც უნდა მოვიკითხო მე. როგორც მთავრობის მეთაურმა, არ შეიძლება მოვიკითხო საერთოდ ეს საქმეები, ასეთი ტიპის აბსურდთან გვაქვს საქმე. რომ ყოფილიყო, მაგალითად ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეშ, იქ იქნებოდა სხვანაირი შესაძლებლობა. ზოგადად, პრინციპი არის ის, რომ როდესაც საქმე ეხება გამოძიებას, კითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყება ან უწყებები, ამიტომ, მე ვერ ვიქნები აქ რელევანტური ადრესატი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.