ირაკლი კობახიძე: ბათუმში გერმანიის ელჩი მოქალაქემ შეაწუხა, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტა, სადაც ამბობენ, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული

ირაკლი კობახიძე: ბათუმში გერმანიის ელჩი მოქალაქემ შეაწუხა, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტა, სადაც ამბობენ, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული

ბათუმში როცა იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, მასთან მივიდა მოქალაქე და შეაწუხა. ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტა, სადაც ამბობენ, რომ თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. დეპუტატებს შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ, ეს რატომ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რატომ შეიძლება, ჩვენთან მოქმედებდეს ორმაგი სტანდარტი? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ელჩის სასამართლო სხდომაზე დასწრების მიზანი არის, რომ გავლენა მოახდინოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რაც არის ვენეციის კონვენციის პირდაპირი დარღვევა. 

„როცა ხარ ელჩი, სასამართლო პროცესს რისთვის შეიძლება, დაესწრო. ინფორმაცია შეიძლება, სიტყვა-სიტყვით მოგაწოდონ, მათ შორის ოქმების სახით და ა.შ. ინფორმირების პრობლემა არ არის, რისთვის მიდიხარ სასამართლო სხდომაზე, როცა ხარ ელჩი? მიზანი არის, რომ გავლენა მოახდინო მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, ეს არის პირდაპირ ვენის კონვენციის დარღვევა. ჯერ პოლიტიკაში ერევი და მერე სასამართლოს დამოუკიდებლობაში, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. თქვენ გახსოვთ, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა თავის დროზე ერთ-ერთი მოსამართლე დაიბარა და ანგარიში მოსთხოვა გვარამიას საქმეზე. ეს ის საქმე იყო, რომელზეც მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სწორი და სამართლიანი. ასეთ დონეზე უხეშად, თავხედურად, ამის შემდეგ ბოდიში არ მოუხდიათ. აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა დაიბარა მოსამართლე ჩხიკვაძე, ანგარიში მოსთხოვა და შემდეგ სანქცია დაუწესა, ვიზიტიდან მოხსნა კონკრეტული მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილება მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ ცნო სამართლიანად. არ მოუხდია ამერიკის საელჩოს ამაზე ბოდიში, რატომ? იმიტომ, რომ „დიფ სთეითი" ეუბნება, რომ ბოდიში არ უნდა მოიხადოს, უნდა ჩაერიოს ხვალაც ამ სასამართლოს დამოუკიდებლობაში. იგივეა ამ შემთხვევაშიც, თავის დროზე მელიას შემთხვევა გახსოვთ, გამოვიდა ყველა საელჩო ერთმანეთის მიყოლებით და დაგმეს კანონის აღსრულება, კაცმა გირაო არ გადაიხადა, გირაო უნდა გადაეხადა და ჩვეულებრივად აღსრულდა კანონი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, მელიას საქმეზეც სამი წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების მოქმედება იყო თავიდან ბოლომდე სამართლიანი, აღსრულდა კანონი სწორად და სამართლიანად.

„რომელიმე საელჩომ მოიხადა ბოდიში ამასთან დაკავშირებით? არ მოუხდია, აქაც პირდაპირ ერევა მოსამართლის საქმიანობაში, აქვს მცდელობა ზეწოლის კონკეტულ ელჩს. აქაც არ ველოდებით არც ხვალ და არც სამი წლის შემდეგ, რადგან სამართლებრივი პრინციპები თავდაყირა არის დაყენებული ევროპის მასშტაბით. 

გერმანიაში ვსწავლობდი სამი წელი და რასაც მასწავლიდნენ, საერთოდ არ აინტერესებთ, ფეხზე ჰკიდიათ სამართლებრივი პრინციპები, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საერთოდ არ აინტერესებთ, ხაზი აქვთ გადასმული ყველაფერზე, ეს არის დღევანდელი ტრაგიკული მდგომარეობა მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში, რადგან „დიფ სთეითი" არის, რომელსაც არ აქვს არავითარი პრინციპები. 

ერთი საინტერესო დეტალია. ბათუმში როცა იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, მასთან მივიდა კონკრეტული მოქალაქე და შეაწუხა, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტა, სადაც ამბობენ რას - რომ ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. კაცი ჩავიდა ბათუმში იმისათვის, რომ გაეპრავებინა პოლიციელისთვის ხელის გარტყმა და რომ შეაწუხა ვიღაცამ სიტყვიერად და სული შეუბერა, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. ამას წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მარიამ ლაშხს და სხვა დეპუტატებს რომ მიუვარდნენ, შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ, მაშინ რატომ არ არის ეს სისხლის სამართლის დანაშაული, რატომ შეიძლება, ჩვენთან მოქმედებდეს ორმაგი სტანდარტი?. ფიშერთან მივიდა და სისხლის სამართლის დანაშაულია, ლაშხთან მივიდა და ეს არის გამოჩენილი სამოქალაქო აქტივისტი? რაშია საქმე? პოლიციელზე ხელის გარტყმის, ძალადობის გასამართლებლად ჩავიდა ბათუმში და ვიღაც რომ მივიდა, სიტყვიერად რომ შეაწუხა, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი? სად არის გერმანია, სად არის აქ სამართლიანობა? სად არის ის, რასაც მე ვსწავლობდი 20 წლის წინ გერმანიაში? საერთოდ ხაზი გადაუსვეს ყველაფერს. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რაც მართლა შემაშფოთებელია, ტენდენციაც არის შემაშფოთებელი, აღარ არსებობს არაფერი წმინდა, რასაც ჰქვია სამართლებრივი პრინციპები, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ყველაფერს აქვს ხაზი გადასმული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.