პრემიერი: პატივს ვცემ ევროკავშირის ელჩს, მაგრამ მისი განცხადებები მიუღებელია, ის უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, რაც ნებისმიერი ელჩისთვის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტია

პრემიერი: პატივს ვცემ ევროკავშირის ელჩს, მაგრამ მისი განცხადებები მიუღებელია, ის უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, რაც ნებისმიერი ელჩისთვის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტია

არის ტოტალური კოორდინაცია და ელჩებს არ აქვთ არაფრის რესურსი ქვეყანაში, რასაც ავალებენ - იმას აკეთებენ, პირდაპირ აიძულებენ, რომ დაარღვიონ მათი მთავარი სახელმძღვანელო - ვენის კონვენცია, რაც ერთგვარი ბიბლიაა ელჩისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ელჩის მდგომარეობა არის სრულიად ტრაგიკული, რასაც დაავალებენ, იმ განცხადებას აკეთებს და თუ არ გააკეთებს, შესაძლოა, კარიერას დაემშვიდობოს.

„ევროკავშირის ელჩთან, დაახლოებით, 10 დღის წინ მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. მე ამ კაცს პატივს ვცემ, თუმცა მისი მდგომარეობა არის სრულიად ტრაგიკული. თქვენ გაიხსენეთ ციტატა მისი განცხადებიდან სანქციებთან დაკავშირებით, რაც არის პირდაპირი მუქარა ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ. როდესაც საუბარია სანქცირებაზე, ეს არის პირდაპირი მუქარა ხალხის მიმართ, ვინაიდან შეიძლება პირდაპირი გავლენა ჰქონდეს თეორიულად ამ ყველაფერს, თუნდაც ხალხის მდგომარეობაზე. ასეთი განცხადება შეიძლება გააკეთოს ყველამ გარდა ელჩისა. ელჩის ერთადერთი მისიაა, რომ იზრუნოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე თავის სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოთა გაერთიანებასა და შესაბამის სახელმწიფოს შორის. შეიძლება ასეთი განცხადება გააკეთოს პირობითად ევროკომისარმა, ან ევროკომისიის სხვა წარმომადგენელმა, მაგრამ ელჩმა არ შეიძლება ასეთი განცხადება გააკეთოს. აქედანაც ჩანს, რომ ეტიკეტიც კი არ აინტერესებთ. სტატუსებიც არ აინტერესებთ, რასაც დაავალებენ, იმ განცხადებებს აკეთებენ. თუ არ გააკეთებს, შესაძლოა, კარიერას დაემშვიდობოს. საჯაროდ გამოვხატავ პატივისცემას პაველ ჰერჩინსკის მიმართ, მაგრამ მისი განცხადებები არის მიუღებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უხეშად არღვევს ვენის კონვენციას - ის პირდაპირ გამოვიდა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე და პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს, მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული, ის იძულებულია დაარღვიოს ვენის კონვენცია, რაც არის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი ნებისმიერი ელჩისთვის, ერთგვარი ბიბლიაა ელჩისთვის ვენის კონვენცია და პირდაპირ აიძულებენ, რომ დაარღვიოს მისი მთავარი დოკუმენტი. 
არის ტოტალური კოორდინაცია და ელჩებს არ აქვთ არაფრის რესურსი ქვეყანაში. რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ, 0 რესურსი აქვთ, რომ რაიმე შეცვალონ თუნდაც საკუთარ განცხადებებში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli თუ ეს ელჩი ელემენტარულ ელჩისათვის აუცილებელ ეტიკეტს არ იცავს, ხელისუფლებას კანონიერად არჩეულად არ გთვლით, მისი ყველა განცხადება ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შესაქმნელად არის განკუთნილი ..... აბა პატივს რიღასთვის მიაგებთ ("პატივს ვცემ"), რაშია საქმე, ვერ გამოსულხართ ვასალური მენტალიტეტიდან?!
17 საათის უკან