„გამჭვირვალობის შესახებ კანონზე", იგივე ახალ „ფარას" კანონზე, ჩვენ გვაქვს მწვანე შუქი, რეალურად, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, პირდაპირ განცხადებებს კი არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ იმ განცხადებებს, რომლებიც ზოგადად გაკეთდა ამ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.
პრემიერის თქმით, პირდაპირ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, პირდაპირ აკრძალეს USAID-ი და NED-ი იმ საფუძვლით, რომ ეს ორგანიზაციები, ეს ფონდები ეწეოდნენ სხვა ქვეყნებში, მათ შორის, იგივე ლგბტ პროპაგანდას, ე.წ. გენდერულ პროპაგანდას, მიდიოდა რევოლუციების მხარდაჭერა, დაფინანსება და ა.შ.
„პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია არის ჩვენს მხარეს, ყოველ შემთხვევაში, ეს იკვეთება მათი საჯარო განცხადებებიდან. რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას, პირდაპირ აღიარა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ კონკრეტული ფონდები, მათ შორის, პირდაპირ დასახელებით USAID-ი, NED-ი გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოსაწყობად, ქვეყნების ასარევად. პირდაპირ არის აღიარებული. აქედან გამომდინარე, არა მარტო გამჭვირვალობაზე შეიძლება იყოს საუბარი ამ ფონზე, პირდაპირ, თვითონ აკრძალეს ეს ფონდები. რომელიმე ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც „რუსულ კანონს'' უწოდებდა „გამჭვირვალობის კანონს'', მივიდა ამერიკის საელჩოსთან და გააპროტესტა USAID-ის და NED-ის აკრძალვა? რატომ არ გააპროტესტეს, თუ მათ ეს თემა აწუხებდათ. არ გააპროტესტეს იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ უბრალოდ Deep State-ისგან მიღებული ჩვეულებრივი პოლიტიკური დაკვეთა. რატომ არ წავიდნენ, მაგალითად ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ან NGO-ები და რატომ არ გააპროტესტეს ამერიკის საელჩოსთან პრეზიდენტ ტრამპის ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ Deep State-ისგან მიიღეს განსხვავებული დავალება.
რაც შეეხება „გამჭვირვალობის შესახებ კანონს", იგივე ახალ „ფარას" კანონს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მწვანე შუქი, რეალურად, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, პირდაპირ განცხადებებს კი არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ იმ განცხადებებს, რომლებიც ზოგადად გაკეთდა ამ თემასთან დაკავშირებით. არა მარტო განცხადებებს, პირდაპირ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, პირდაპირ აკრძალეს USAID-ი და NED-ი იმ საფუძვლით, რომ ეს ორგანიზაციები, ეს ფონდები ეწეოდნენ სხვა ქვეყნებში, მათ შორის, იგივე ამ ლგბტ პროპაგანდას, ე.წ. გენდერულ პროპაგანდას, მიდიოდა რევოლუციების მხარდაჭერა, დაფინანსება და ა.შ. ათასი უბედურება. ჩვენს შემთხვევაში, ეს იყო, მათ შორის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევა. გახსოვთ, ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის იგივე „სირცხვილია", „პრაიდი" და ა.შ. რისთვის იღებდნენ ფულს, პირდაპირ თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათი დაკნინსების მცდელობა. ეს ყველაფერი დევს ხელის გულზე. ამ ფონზე, როგორ შეიძლება საერთოდ ვისაუბროთ, არა თუ უნდა გადავსინჯოთ „გამჭირვალობის შესახებ" კანონმდებლობა, პირიქით, ახალ ინსტრუმენტებზე უნდა ვიფიქროთ იმისათვის, რომ მომავალში აღარავის მოუვიდეს თავში აზრად ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა, თუნდაც მცდელობის დონეზე", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა კანონზე „არასრულწლოვანთა დაცვის და ოჯახური ფასეულობების შესახებ".
„რაც შეეხება კანონს „არასრულწლოვანთა დაცვის და ოჯახური ფასეულობების შესახებ", აქაც იგივეა. თქვენ ნახეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები, პირდაპირ დაუპირისპირდა ამ პროპაგანდას, რაც არის სრული სიმახინჯე და პრაქტიკულად, თავისი განცხადებებით მოიწონა, ვგულისხმობ ირიბად, იმ კანონის სულისკვეთება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. რჩება Deep State-ის აგენტურა, რომელიც არის ჯერ კიდევ ჩაბუდებული ამერიკის ბიუროკრატიაში და იმედია აქ ბრძოლა დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით და კიდევ უფრო მძიმედ არის ჩაბუდებული ეს ბიუროკრატია, ეს აგენტურა ევროპულ ბიუროკრატიაში. აქედან გამომდინარე, იმ ფონზე, როდესაც, მით უმეტეს, ყველაზე დიდმა სახელმწიფომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მისი ახალი ხელისუფლების სახით, აღიარა ის მანკიერებები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამ 4 წლის განმავლობაში. როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ ამ კანონების გადახედვაზე. ყველამ ხომ ნახა, რომ ეს კანონი, მაგალითად „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი იყო არათუ სწორი, არამედ აუცილებელიც მისაღებად, იმისათვის, რომ მომავალში, გარე დაფინანსებით, იგივე USAID-ის, NED-ის, მსგავსი ფონდების მეშვეობით, EED, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი ფონდია ევროკავშირში, არ შეიძლება, რომ ასეთი ფონდების მეშვეობით ვინმემ სცადოს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა. არ შეიძლება ეს სიმახინჯე გაგრძელდეს, რასაც ვხედავდით. ეს NGO-ები იყო ჩვეულებრივი აგენტურა, რომელთა მეშვეობითაც ცდილობდნენ ქვეყანაში მოეყვანათ უკვე ხელისუფლებაში აგენტურა და ეს არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ჩვენ ვსაუბრობდით გამჭვირვალობაზე და ეს დღესაც არის აქტუალური", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.