ირაკლი კობახიძე:  ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე დაინიშნოს საქართველოს ელჩი აშშ-ში, ველოდებით პასუხს წარდგენილ კანდიდატურაზე, „დიფ სთეითი

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე დაინიშნოს საქართველოს ელჩი აშშ-ში, ველოდებით პასუხს წარდგენილ კანდიდატურაზე, „დიფ სთეითი" ეცდება, შეაფერხოს პროცესი

არსებული რეალობიდან გამომდინარე, იმ სტატუს კვო-დან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს აშშ-სთან ურთიერთობებში, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ელჩი მალე დაინიშნოს, ველოდებით თანხმობას წარდგენილ კანდიდატურაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითი" შეეცდება, შეაფერხოს ელჩის დანიშვნა, თუმცა თუ უშუალოდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩაერევა ამ ყველაფერში, გადაწყვეტილება უფრო სწრაფად იქნება მიღებული. 

„აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია უკვე რამდენიმე კვირაა. ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი ხელოვნურად იწელება, გამომდინარე იქიდან, რომ სტანდარტული პრაქტიკის მიხედვითაც შეიძლება, თუნდაც, 3-4 თვე გაგრძელდეს აღნიშნული პროცესი. არსებული რეალობიდან გამომდინარე, იმ სტატუს კვო-დან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობებში, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ელჩი მალე დაინიშნოს. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით თანხმობას წარდგენილ კანდიდატურაზე და როგორც კი მივიღებთ, მაშინვე გაცხადდება ამ კანდიდატის ვინაობა. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დაინიშნოს ელჩი და აქაც ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წამოწევს თავს „დიფ სთეითი", რომელიც, რა თქმა უნდა, შეეცდება, შეაფერხოს ელჩის დანიშვნა, თუ უშუალოდ ჩაერევა ამ ყველაფერში ტრამპის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება უფრო სწრაფად იქნება მიღებული,"- განაცხადა პრემიერმა.