სოლომონ პავლიაშვილი: ”დავიწყოთ დღესვე, ხვალ გვიან იქნება”

სოლომონ პავლიაშვილი: ”დავიწყოთ დღესვე, ხვალ გვიან იქნება”

მსოფლიოში არსებული ეკონომიკური პრობლემები და მისი კავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან, ინფლაცია, მონოპოლიები, სადაზღვევო სისტემის ხარვეზები - ამ და სხვა საკითხებზე პრესაგე.ტვ ესაუბრა ეკონომიკის ექსპერტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, სოლომონ პავლიაშვილს. ”რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ სტრატეგიაზე, ევროინტეგრაციაზე და ნატოში გაწევრიანებაზე, ეს ყველაფერი ზოგადად კარგია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისათვის, მაინც არის ის მიმდინარე მძიმე სოციალური ფონი, სერიოზული ეკონომიკური პროცესები, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ ოჯახის მდგომარეობაზე აისახება” - მიაჩნია სოლომონ პავლიაშვილს.

 

იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რატომ იზრდება ფასები სამომხმარებლო პროდუქციაზე ასე კატასტროფულად?

- მთავარი მიზეზი, ეს არის უპირველეს ყოვლისა მსოფლიოში ნავთობზე ფასის ზრდა. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებით ნიუიორკის ბირჟაზე ერთ დღეში ბარელი ნავთობი გაიზარდა 10 დოლარით და თითქმის 100 დოლარს გაუტოლდა. ამის მიზეზი არის არამარტო კრიზისის შემდგომ ეკონომიკის გამოცოცხლება, არამედ ისიც, რომ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა მსოფლიოს სახელმწიფოები გარკვეულად შიშში ჩააგდეს, რომ აღნიშნული პროცესები არ გავრცელდეს ახლო აღმოსავლეთის ნავთობით მდიდარ ქვეყნებში, ისეთებში, როგორიც არის საუდის არაბეთი, ქუვეითი და სხვა. მათ მაქსიმალურად დაიწყეს საკუთარი ნავთობის რეზერვების შევსება.

 

სხვათა შორის ნავთობის რეზერვების შემცირების პრობლემა უდგას თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რაც პირდაპირ აისახა მის ფასზე. მაგალითისათვის ექსპერტების შეფასებებით 1 მილიონი ბარელი ნავთობით მოთხოვნის გაზრდა იწვევს ბარელი ნავთობის დაახლოებით 7-8 დოლარით გაზრდას. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 6 თვის წინ ბარელი ნავთობი დაახლოებით 60-65 დოლარი ღირდა. აგვისტოდან დღემდე ტონა ხორბლის ფასი 180 დოლარიდან 360 დოლარამდე გაიზარდა. გაეროს მონაცემებით 2011 წელს მსოფლიოს ექნება 50 მილიონი ტონა ხორბლის დეფიციტი. ამას ემატება ისიც, რომ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრის თვეში რუსეთმა საერთოდ აკრძალა ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტი. მაშინ თითქოს ეს ნაკლებად მიიღეს მხედველობაში დიდმა სახელმწიფოებმა. სინამდვილეში, ბოლო პერიოდში, ყოველწლიურად, რუსეთიდან დაახლოებით ხდებოდა 12-15 მილიონა ტონა ხორბლის ექსპორტი. მაშინ რატომღაც, როგორც ევროკავშირმა ასევე აშშ-მ არ ჩათვალეს საჭიროდ გაეკეთებინათ რაიმე კრიტიკული განცხადება რუსეთის მიმართ, რომელსაც ის უდაოდ იმსახურებდა, მით უმეტეს, როცა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას ცდილობს, არ უნდა ახდენდეს ბაზრის იძულებით იზოლაციას. ამას ემატება ბრაზილიაში მომხდარი ბუნებრივი კატაკლიზემები, რომელმაც მთლიანად გამოიყვანა მწყობრიდან ქვეყნის ეკონომიკა. წყალდიდობა - ავსტრალიაში, ნათესების განადგურება, დაწვა – რუსეთში, ხორბლის დაბალი მოსავალი - არგენტინაში, კანადაში, რომლებიც ხორბლის მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებად ითვლებიან.

 

კიდევ შემიძლია მოვიყვანო რამდენიმე მაგალითი, რომელიც პირდაპირ აისახა მსოფლიოში ფასების ზრდაზე. მაგალითად, ჩინეთის მთავრობამ ჯერ კიდევ ივნისის თვეში მიიღო კანონი ხელფასის მინიმუმის ზრდასთან დაკავშირებით 125-140 დოლარამდე. ეს შეეხეო 500 მილიონზე მეტ ადამიანს. კოლოსალურ თანხებზეა საუბარი, რომელიც აისახა, ჩინეთში წარმოებულ, როგორც პირველადი მოხმარების საგნებზე, ასევე - მაღალი ტექნოლოგიის პროდუქციის წარმოებაზე, რომელსაც ჩინეთში სხვადასხვა სახელმწიფოები აწარმოებენ. სურსათზე ფასების ზრდა თითქმის ანალოგიურია მსოფლიოშიც, გაეროს მონაცემებით მარტო დეკემბრის თვეში 4,2%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ჩვენთვის არაფერი შეღავათი არ არის.

 

იქნებ შევეხოთ კონკრეტულად საქართველოს მაგალითს ინფლაციასთან დაკავშირებით, რომელიც 11%- გადაცდა.

- სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2010 წელს გაიზარდა 145-მდე, ხოლო წლიურმა ინფლაციამ მიაღწია 11%-ს. პირველ რიგში მოსახლეობისათვის ყველაზე მძიმეა ის, რომ გაძვირდა სასურსათო პროდუქტზე ფასები კერძოდ პურზე ფასმა მოიმატა დაახლოებით 15%-ით, ზეთზე - დაახლოებით 32%, კარტოფილზე – 30-35%-ით, ხახვი თითქმის 50%-ით, ასევე ნავთობპროდუქცია, რომელიც ყოველდღიურად ძვირდება.

 

ყოვლად გაუგებარი რამ ხდება, როცა ბარელი ნავთობი თითქმის 150 დოლარიდან 50 დოლარამდე დაეცა, ჩვენ ეს არ გვიგვრძნია და ფასების კლება მხოლოდ მინიმალური იყო, ხოლო ახლა, როცა მსოფლიოში ფასის ზრდის ტენდენციაა, საქართველოშიც მნიშვნელოვნად იზრდება. რაც ყველაზე სავალალოა, მედიკამენტებიც გაძვირდა კატასტროფულად, რის გამომწვევ მიზეზებზეც არაერთხელ მისაუბრია, რომ ეს არის პროტექციონისტული მონოპოლიების ბრალი, როდესაც სამედიცინო ბაზარი ჩაკეტილი ციკლია დაწყებული სამედიცინო პრეპარატების წარმოებიდან, რეალიზაციის, სამედიცინო მომსახურების ქსელის და სადაზღვეო კომპანიების ჩათვლით, თუმცა ეს ცალკე თემაა.

 

პირველ რიგში გარკვეული სექტორების მუდმივი დემონოპოლიზაციაა საჭირო, რათა ფასები დარეგულირდეს და არ ვიყოთ “შეთქმულების” მსხვერპლი. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე მხოლოდ 3000 დოლარია, რომელიც მსოფლიო დონის საშუალო მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება, ამიტომ ჩვენი მოსახლეობა უფრო ძლიერ გრძნობს და განიცდის იმ პროცესებს, რომელიც მსოფლიოში ხდება.

 

მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მოსახლეობის ფენებს შორის, მაღალია შემოსავლების დიფერენციაციის ხარისხი იგი დაახლოებით არის 16/1.

 

დღესდღეობით ქვეყანა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე საუბარი მაქვს სასურსათო პროდუქციაზე, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც მიმდინარე წელსაც გამოყოფილი აქვს თითქმის მილიარდ ლარზე მეტი რათქმა უნდა კარგია, მაგრამ მიუღებელია, როცა სოფლის მეურნეობას გამოყოფილი აქვს მხოლოდ 60 მილიონი ლარი. ხოლო გასულ წელს მხოლოდ 15 მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი. როგორ შეიძლება ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა იმპორტის სახით შემოქონდეს ხახვი, პამიდორი, ბადრიჯანი, კარტოფილი. მე არ ვლაპარაკობ სხვა პირადი მოხმარების საგნებზე. სწორედ ეს არის მიმართულება სადაც უნდა იქნეს გამოყენებული კრეატიული, მაღალ-ტექნოლოგიური და სხვა განვითარებულ ქვეყნებში უკვე აპრობირებული მეთოდები. ამ მხრივ კარგი მაგალითია თურქეთი და ისრაელი.

 

სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი რათქმა უნდა ინვესტორებისათვის ნაკლებად მიმზიდველია, იმიტომ რომ მათთვის მაღალ მომგებიანი, მხოლოდ კომუნიკაციები და ენერგოსფეროა, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მხარდაჭერა ამ დარგისათვის, რომ ყველა ფერმერს, გლეხს, გაუჩნდეს ამ სფეროში ჩართვის სურვილი. მაგალითად ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ბელგია, ნორვეგია, ავსტრია, კანადა, აშშ ხშირ შემთხვევაში ბიუჯეტიდან პირდაპირ აფინანსებენ სოფლის მეურნეობას თან საკმაოდ დიდი დოზით. ევროკავშირმა მარტო 2008 წელს 60 მილიარდი დოლარი გამოყო სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად. ჩვენი გადარჩენაც არის სწორედ ეს გზა.

  

სამედიცინო მომსახურება ახსენეთ... რამდენიმე დღის წინ სადაზღვეო კომპანიების გარშემო სერიოზული სკანდალი აგორდა...

- სადაზღვეო კომპანიების თემა საქმეში ჩახედული ადამიანისთვის ნამდვილად არ არის ახალი. ანალოგიურად ასეთივე მაღალი მოგების მაჩვენებელი ჰქონდათ მათ 2007, 2008, 2009 წელს და ა.შ. თუ დღეს ვსაუბრობთ, რომ მათ მიღებული მთლიანი შემოსავლიდან – 284 მილიონი ლარიდან - სადაზღვეო შემთხვევებს მოახმარეს მხოლოდ ამ თანხის 40% დანარჩენი დაილექა კომპანიის შემოსავლებში. ცნობისათვის ეს მაჩვენებელი 2007 წელს უფრო დაბალი იყო, დაახლოებით 38%. ეს გარკვეული ტრადიციაც არის (ცუდი გაგებით), როდესაც სადაზღვეო კომპანიები იღებენ გარანტირებულ სახელმწიფო დაფინანსებას გარანტირებული მაღალი მოგებით.

 

რას ქვია გარანტირებული”? მათ სახელმწიფო არ უსაზღვარავს, თუ რა ვალდებულებები უნდა შეასრულონ მათ სადაზღვეო კონტიგენტისმოსახლეობის მიმართ?

- გარანტირებული ვახსენე იმიტომ, რომ ამ ხუთმა თუ ექვსმა მსხვილმა სადაზღვეო კომპანიამ, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, თითქმის ტენდერების გარეშე, ერთმანეთში გარკვეული შეთანხმებით გადაინაწილეს სახელმწიფოს მიერ დაზღვეული კონტიგენტი – უმწეოთა კატეგორიის სახით. ყოვლად გაუგებარია, რომ ტენდერებში გამარჯვება მოხდა რეგიონალური პრინციპით, მაგალითად ერთმა კომპანიამ მოიგო იმერეთი, მეორემ - თბილისი და ა.შ. სადაზღვეო პაკეტის ღირებულება თავიდან განისაზღვრა 180 ლარით. ხოლო შემდგომ, თუ არ ვცდები - 144 ლარით. 800 ათას უმწეოზე მათ ეს თანხები სახელმწიფოსგან სრულად მიიღეს, მიუხედავად იმისა, მათ განახორციელეს თუ არა სადაზღვეო შემთხვევის ანაზღაურება, რასაც ჩვენი ქართული კომპანიები გაუგებარ ტერმინს ზარალს ეძახიან.

 

სადაზღვეო კომპანიების შემოსავლების სტრუქტურას თუ გადავხედავთ, პირველ ადგილზეა სწორედ სამედიცინო დაზღვევიდან მიღებული შემოსავალი. ეს სწორედ სახელმწიფოდან მიღებული გარანტირებული დაზღვევის “დამსახურებაა”. ძალზე გასაკვირია, რომ დღემდე არც ერთ სადაზღვეო კომპანიას არ მოუვიდა თავში, დაეზღვია სოფლის მეურნეობის რომელიმე მიმართულება. თუკი სახელმწიფოსგან მათ ასეთი უზრუნველი დაზღვეული კონტიგენტი “ჩაიგდეს ხელში”, ხომ შეიძლებოდა, რომ გარკვეულად საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით თავიანთი საქმიანობის სფერო განევრცოთ სოფლის მეურნეობაშიც, მაგრამ არ გააკეთეს არა მარტო იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობა გარკვეულად სარისკოა, არამედ იმიტომაც, რომ მათ დიდი შრომა დაჭირდებოდათ რაიონებში მოეძიათ აღნიშნული დაზღვევის მსურველები. მხოლოდ ახლა, ისიც - გარკვეულად პიარის თვალსაზრისით, ამ გახმაურებულ ფონზე ”ალდაგი ბი-სი-აის” ხელმძღვანელობამ მოსახლეობას შესთავაზა სოფლის მეურნეობის დაზღვევის გარკვეული პაკეტი. თუმცა რამდენად გააკეთებს ეგ სხვა საკითხია. 

 

იქნებ დააკონკრეტოდ რა ხდება, ვისი ბრალია ან რისი ბრალია?

- პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ეს უფრო სახელმწიფო მოწყობის პრობლემაა, ანუ - ინსტუტიციონალიზმის პრობლემა.  დავიწყებ იმით, რომ შეცდომა იქნა დაშვებული ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, როდესაც ყოვლად გაუგებარი მიზეზებისა და ზოგიერთი მაშინდელი ჩინოვნიკის ახირების გამო გააუქმეს სახელმწიფო დაზღვევისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო (არასაბიუჯეტო) ფონდები. ამით სახელმწიფომ ფაქტიურად უარი თქვა ქვეყანაში სახელმწიფო დაზღვევის გახორციელებაზე. ეს იყო დილეტანტური, არაპროფესიონალური გადაწყვეტილებები. ფაქტიურად, ამით “მოკლეს” დაზღვევის ის ელემენტები და ის ინსტიტუტები, რომლებიც აპრობირებულია მთელ მსოფლიოში. ე.ი. გააუქმეს სოციალური ანარიცხები - შენატანი, სამედიცინო დაზღვევის ანარიცხები - შენატანი და ყველა ეს მათ მიერ ჩათვლილო როგორც ჩვეულებრივი გადასახადი მიმართული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ჯერ სოციალური გადასახადი ვითომდა დაამატეს საშემოსავლო გადასახადს, ხოლო შემდგომ - საერთოდ გააქრეს სოციალური გადასახადის ცნება და დატოვეს ერთი, საშემოსავლო გადასახადი. ეკონომიკური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ თავისი შინაგანი იმანენტური ბუნებით არ შეიძლება ერთმანეთს მიუმატო სოციალური შენატანი და ისეთი სახელმწიფო გადასახადები, როგორიც არის მოგების გადასახადი, დ.ღ.გ, აქციზი და სხვ. აღარ ვლაპარაკობ ქონების გადასახადებზე და ა.შ. ეს ფონდები თავის დროზე დამოუკიდებლად შედიოდნენ სახელმწიფოს კონსოლიდირებულს ბიუჯეტში, რაც დაზღვევის კლასიკური მაგალითი იყო.

 

სხვათა შორის ჩვეულებრივ ნორმად იქცა, როდესაც რომელიმე ინსტიტუტი - სისტემა ვერ მუშაობს სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ხშირ შემთხვევაში სპონტანურად აუქმებენ უშვალოდ ამ ინსტიტუტს. ასე მოხდა ანტიმონოპოლიური სამსახურის, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, წიგნის პალატის და სხვათა შემთხვევაში. ჯერ კიდევ 2000 წლისთვის საქართველო მზად იყო გადასულიყო საპენსიო და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სისტემაზე. არსებობდა ამის საკანონმდებლო ბაზაც. ქვეყანას გააჩნდა უკვე სახელმწიფო დაზღვევის ჩარჩო, სამედიცინო დაზღვევის, კერძო საპენსიო ფონდების და სხვა შესაბამისი კანონები. დაწყებული იყო საქმიანობა მოსახლეობის პერსონიფიცირებული აღრიცხვის, თოთოეული მოქალაქისათვის სადაზღვეო ბარათისა და შესაბამისი კოდის მინიჭების შესახებ.

 

ამ მხრივ როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება?

- თავიდანვე მინდა გითხრად, რომ ისეთ სისტემას, თუ ამას სისტემა ჰქვია, როგორიც საქართველოშია, ვერსად ვერ ნახავთ. ბელორუსიას და ტაჯიკეთსაც კი, გააჩნიათ სადაზღვეო სისტემა არასაბიუჯეტო და სადაზღვეო ფონდების სახით. თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს სოციალური დაზღვევის არასაბიუჯეტი ფონდები ან სააგენტოები ფონდებთან ერთად. სოციალური უზრუნველყოფა პირველ რიგში ეს არის სოციალური დაზღვევა, ხოლო სოციალური დაზღვევის ძირითადი საფუძვლები არის საპენსიო დაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა, უბედური შემთხვევების დაზღვევა, უმუშევრობის დაზღვევა. ხოლო ამ ფონდების შევსების ძირითადი წყარო არის ფიზიკური და იურდიული პირების სავალდებულო შენატანები. ასევე, შესაძლებელია სახელმწოფო ბიუჯეტის სახსრები სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შესასრულებლად (დახმარებები, სუფსიდიები და სხვა) ნებაყოფლობითი შენატანები. ეს ფონდები არის დამოუკიდებელი საფინანსო საკრედიტო სისტემები, ეს არის ერთგვარი ფორმაც ეროვნული შემოსავლის გადანაწილების. ამ ფონდის მუშაობის პრინციპებია თვით ზრდა (შესაძლებელია ფინანსური ოპერაციები, ფასიანი ქაღალდები და სხვა) სოლიდარობა (დასაქმებული კონტიგენტი უხდის პენსიონერებს, უმუშავრებს და სხვა) და ეკონომიკური სტაბილურობა.

 

გამოდის, რომ პენსიები შრომითი სტაჟისა და ნამსახურობის მიხედვით ოცნებად რჩება?

- რა თქმა უნდა ჯერჯერობით ასეა. კიდევ დიდხანს იქნება, თუ არ შევცვალეთ რადიკალურად დღეს არსებული საბიუჯეტო სისტემა და არ ჩამოვაყალიბეთ შესაბამისად მსოფლიოში აპრობირებული სადაზღვევო მოდელი. დღესვე დასაწყებია თითოეული დასაქმებული ადამიანისთვის სადაზღვევო ბარათების გახსნა და მათი პერსონიფიცირებული აღრიცხვა. სწორედ ამ სადაზღვევო ბარათებზე უნდა აისახოს როგორც თითოეული დასაქმებული ადამიანის ასევე დამსაქმებლის შენატანები სადაზღვევო ფონდში რათა შემდგომში მათი პენსიის დანიშვნის საფუძველი გახდეს შესაბამისად ეს გადახდილი თანხები. თუ არ დავიწყეთ დღესვე, ხვალ გვიან იქნება.

 

იქნებ რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე გვითხრათ როგორია ტარიფები სხვა ქვეყნებში?

- სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური დაზღვევის ტარიფები დიფერენცირებულია. მაგალითად აშშ-ში არსებობს კომბინირებული გადასახადი (დამსაქმებულის და დასაქმებულის) 15.3%-ის ტოლია. განსაზღვრულია დასაბეგრი ხელფასის მაქსიმალური ოდენობა - 50 ათასი დოლარი თვეში. გერმანიაში მოქმედებს რამდენიმე ფონდი. ესენია: მუშების და მომსახურების საპენსიო დასზღვევის ფონდი, ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდი და უმუშევრობის დაზღვევის ფონდი, ამიტომ აქ ტარიფები სხვადასხვაა და ჯამში დასაბეგრი ხელფასის 20-25%-ს შეადგნს. რაც შეეხება იაპონიას, იქ მოქმედებს ჯანმრთელობის დაზღვევის, საპენსიო დაზღვევის, საწარმოო ტრამვის დაზღვევის და უმუშევრობის დაზღვევის ფონდები. ანალოგიური ფონდები არსებობს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში. საბოლოოდ ყველა დაზღვევის შენატანი ჯამში 15 დან 25%-მდე მერყეობს ქვეყნების მიხედვით.

 

რაც შეეხება ყოფილი საპჭოთა კავშირის ქვეყნებს, მაგალითად: აზერბაიჯანში 30–1 (ხელფასის 30%-ს იხდის დამსაქმებელი ხოლო 1%-ს - დასაქმებული), ბელარუსიაში - 36-1, ყაზახეთში - 26-10, ყირგიზეთში - 29-8, რუსეთში - 35-0, უზბეკეთში - 40-2.5, უკრააინა 37-5 და სხვა. აი, სისტემა და სტრუქტურა რითაც სახელმწიფოები ახორციელებენ, როგორც მთლიანად მოსახლეობის, მათ შორის - უმწეოთა კატეგორიის დაზღვევასაც. ასეთი სახელმწიფო სისტემა რომ ყოფილიყო ჩვენთან, აღარ დაგვჭირდებოდა კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა და ამხელა ფინანსური ნაკადების, თითქმის 300 მილიონის გაშვება კერძო სექტორში.

 

კი მაგრამ ეს შენატანები ანუ გადასახადები მოსახლეობას არ დააწვება მძიმე ტვირთად?

- დამსაქმებლის მიერ გადახდილი შენატანები აისახება პროდუქციის თვითღირებულებაში და ისევ დამსაქმებელს უბრუნდება პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ. რაც შეეხება დასაქმებულის მიერ გადახდილ თანხას, ეს უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადის შემცირების ხარჯზე. უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი და თითოეულ დასაქმებულ ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება თვითონ შექმნას თავისი სოციალური – საპენსიო გარანტია. დღეს არანაირი საკანონმდებლო ბაზა და პერსპექტივა არ არსებობს, რომ პენსიები მივიღოთ შრომითი სტაჟისა და შესაბამისად გადახდილი შენატანების მიხედვით.