საქართველოს ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის და ხალხის ინტერესებისთვის ზრუნავს, ხშირ შემთხვევაში თავის საგარეო პოლიტიკით არ ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელიც ბრიუსელს მსოფლიოში მიმდინარე ომის პირობებში გააჩნია, ეს კონგრესის გადაწყვეტილებაში აისახა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უსამართლობის ხარისხმა მოიმატა.
„მთელ მსოფლიოში დაუნდობელი ომი მიმდინარეობს, საქართველო ამ დაპირისპირების ერთ-ერთი სეგმენტია. უსამართლობასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ცივსისხლიან პრაგმატიზმზეც, რომელიც ასეთი აქტის მიღებას განაპირობებს. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის და ხალხის ინტერესებისთვის ზრუნავს, ხშირ შემთხვევაში თავის საგარეო პოლიტიკით არ ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელიც ბრიუსელს გააჩნია ომის პირობებში, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. გარკვეულწილად ეს კონგრესის გადაწყვეტილებაში აისახა. იმედს ვიტოვებთ, საბოლოო ჯამში, საღი აზრი გაიმარჯვებს, ვინაიდან, ისტორიის არცერთ ეტაპზე ჩვენ, როგორც მოკავშირეს, არ გვიღალატია მთავარი პრინციპისთვის, გინდათ, ამერიკის შეერთებული შტატების გვერდზე დგომით და თუნდაც, იმ ევროპული ფასეულობების დაცვით, რაც საქართველოში დღეს არსებობს და ასეთი თვალნათელია. ჩვენ მართლები ვართ ჩვენი ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე. ამ გადაწყვეტილებებს თუკი განაპირობებს გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა, ამასაც მყარად, საღი აზრით და საზოგადოებისადმი რეალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებით უნდა შევხვდეთ. ეს არის ის ფორმულა, რომელსაც დღეს მივყვებით“, – განაც ხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, „დიფ სთეითის“ შტაბბინა ბრიუსელში გადაინაცვლა.
„აშშ-ში სერიოზული და მასშტაბური ბრძოლა მიმდინარეობს. უამრავი ადამიანი სამსახურიდან დათხოვილია, რომელიც კონკრეტულ სტრუქტურებს ემსახურება და ჭანჭიკებს წარმოადგენენ იმ უშველებელ სისტემაში, რომელსაც „დიფ სთეითი“ მართავს. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია კონკრეტული მოსამართლისგან მოითხოვს, აღიაროს, რომ „დიფ სთეითან“ დაკავშირებულ ორ ადამიანთან კავშირი არ ჰქონდა და უტევდა ტრამპს, როდესაც ის პრეზიდენტი იყო პირველი ვადით, ახლაც და როდესაც ტრამპი პოლიტიკაში არ იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ყველამ ბრიუსელის ერთი დამახასიათებელი ნიშანი უნდა გაითვალისწინოს, ქვეყნები კი არ განაპირობებენ პოლიტიკას კონსენსუსით, არამედ ბიუროკრატია განაპირობებს გარკვეულ პოლიტიკურ ნაბიჯებს.
„მსოფლიო იცვლება, საფრთხეები რეალურია და ამ საფრთხეებს პრაგმატული პოლიტიკა უნდა დავუპირისპიროთ, ისევე, როგორც ჩვენ გვიპირისპირდება პრაგმატული და ცივსისხლიანი პოლიტიკა. საქართველოში გარკვეული ძალა არსებობს, რომელიც გლობალური ომის პარტიას სრულად ექვემდებარება, რომელიც მსოფლიოს მართვის პრეტენზიას აცხადებს. იმედი გვაქვს, ეს ძალა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ბრძოლაში დამარცხდება. ახლი ადმინისტრაციაც მარტო არ უნდა დარჩეს, რადგან ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომელიმე ძალის ასპროცენტიანი გამარჯვებით დამთავრდეს. გარდამავალ უპირატესობას ვხედავთ, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაშიც. „მეგობარი აქტი“ გარდამავალი უპირატესობის ერთ-ერთი გამოხატულებაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.