დღეს უდიდესი პოლონელი კომპოზიტორისა და პიანისტის – ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენის დაბადების დღეა. შოპენი უდავოდ იყო პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელი. 1831 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. შოპენის მუსისკისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, სხვადასხვა ხასიათის დახვეწილად გადმოცემა; მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფართო ეროვნულ–ფოლკლორული და ჟანრული კავშირებით.
შოპენმა ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი: ააღორძინა რომანტიზმზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტიზმი და დრამატიზმი შეიტანა ცეკვებში – მაზურკა, პოლონეზი, ვალსი; სკერცო გარდასახა დამოუკიდებელ ნაწარმოებად; გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა.
მის შემოქმედებაში აღსანიშნავია: 2 კონცერტი (1829, 1830), 3 სონატა (1828-1844), ფანტაზია (1841), 4 ბალადა (1835-1842), 4 სკერცო (1832–1842), ექსპრომტები, ნოკტიურნები, ეტიუდები და სხვა ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის.
საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიტორი დასაფლავებულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე, შოპენის ანდერძით მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში.
პოლონეთს არასოდეს არ ყოლია ისეთი მუსიკალური გენიოსი, როგორიც იყო ფრედერიკ შოპენი. მისი შემოქმედების უმეტესობა ფორტეპიანოსთვისაა დაწერილი. ის არ წერდა მუსიკას სიმფონიური ორკესტრისტვის (გამონაკლისია 2 საფორტეპიანო კონცერტი). წერდა პოლონეზებს, ნოქტურნებს, ვალსებს, ბალადებს და სხვა...