ირაკლი კობახიძე: დღესაც მზად ვარ, ვისაუბრო ნებისმიერ ადამიანთან საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს პროტესტის ყველა მონაწილეს, გარდა აგენტებისა

ირაკლი კობახიძე: დღესაც მზად ვარ, ვისაუბრო ნებისმიერ ადამიანთან საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს პროტესტის ყველა მონაწილეს, გარდა აგენტებისა

დღესაც მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანთან ვისაუბრო საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს პროტესტის ყველა მონაწილეს, გარდა აგენტებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოების უმრავლესობა დგას მტკიცედ ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და სწორედ ამის შედეგია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ" მილიონ 120 ათასი ხმა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში.

„ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა მტკიცედ დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ამასთან ერთად, ვართ ყველას ხელისუფლება. მზად ვართ, პატივი ვცეთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ამომრჩეველს. ჩვენი ამოცანაა, გზას აცდენილი ადამიანებიც შემოვაბრუნოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ. არიან ადამიანები, რომლებიც მათ შორის პირდაპირი დაკვეთით მოქმედებენ ქვეყნის გარედან. თუ ადამიანი არის ხელმოწერილი აგენტი, ამ შემთხვევაში მასთან საუბარი შეუძლებელია, რადგან ისეთ ვალდებულებით ურთიერთობებშია შესული, რომელსაც ვერ შემოატრიალებ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არა ნებსით, არამედ უნებლიედ არიან ჩართული გარკვეული დაკვეთების შესრულებაში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ასეთი ადამიანებიც, ისინიც უნდა შემოვაბრუნოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ და ქვეყნის სამსახურისკენ. ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი, რომელიც ვფიქრობ, შეცდომაშია შეყვანილი. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ვესაუბროთ ყველას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ აქციების პერიოდში შესთავაზა აქციის მონაწილეებს შეხვედრა, თუმცა არც ერთი მათგანი შეხვედრაზე არ მივიდა.

„როდესაც ყველაზე ცხელი პერიოდი იყო, აქციები იმართებოდა, მე შევთავაზე ადამიანებს, მათ შორის აქციების რიგით მონაწილეებს, ნებისმიერი 10-12 კაცი შეერჩიათ და მოსულიყვნენ. მზად ვიყავი ნებისმიერ ფორმატში, საჯაროში თუ არასაჯაროში გამემართა მათთან მსჯელობა ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებდა. არც ერთი ადამიანი არ მოვიდა. აქედან ჩანს, რომ მათ აქვთ განსხვავებული რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ არ არიან მართლები. რაც შეეხება მზია ამაღლობელს, მე მქონდა ინფორმაცია, თუ რაზე სურდათ მათ მოსვლა, ეს არ იყო რელევანტური საკითხი. რაც შეეხება მსჯელობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, დღესაც მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანთან ვისაუბრო საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით და ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს პროტესტის ყველა მონაწილეს, გარდა აგენტებისა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.