თეა წულუკიანი: როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება

თეა წულუკიანი: როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება

უფლება მოგვეცით შემოგიერთდეთ და ფეხზე წამოვუდგეთ იმ მსხვერპლებს და დუმილით პატივი მივაგოთ, ვინც გარდაიცვალა და სხვაგვარად დაზიანდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ, - ასე მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ნაწამებ ლაშა არქანიას, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფება.

წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილს და მის „აქტიურ ცოფიანებს“ მსხვერპლების ხსენების და მათთვის პატივის მიგების ისე ეშინიათ, როგორც ეშმაკს სიწმინდის.

„როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება, მათთვის პატივის მიგება და არ გვპატიობენ არც ერთს, მათ შორის, არც მე და არც ჩემს რომელიმე თანამებრძოლს, მსხვერპლებისთვის პატივის მიგების ფაქტს. არადა, ის დასკვნა, რომელიც ამ კომისიამ უნდა დადოს და მთელი ის საქმიანობა, რასაც ქართული ოცნება, ჯერ კიდევ 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა, მიმართულია იქით, რომ ფაქტი იქნეს დადგენილი, რომ იმ რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები, უფრო მეტიც - მოკლული, ნაწამები მსხვერპლები. ზოგი მსხვერპლი დღეს ცოცხალია, მაგრამ, ისეთ უბედურებაში გაიარა, ხანდახან ეჭვი გაგიჩნდება ადამიანს, ეს ადამიანი კი მოძრაობს, დადის, ცხოვრობს, მაგრამ, რეალურად, ცოცხალია? ის ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობს თუ არა? ასეთი მსხვერპლებიც შეგვხვედრია, სამწუხაროდ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ლაშა არქანია 2011 წელს დააკავეს. ხელახლა ჩატარებული გამოძიების თანახმად, თავდაპირველად დაკავებული უარს აცხადებდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა მის მიმართ განხორციელებული ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ, არქანიამ ხელი მოაწერა ზემოთ ხსენებულ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს და აღიარა თითქოსდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.