თუ ისინი ომახიანად ითხოვენ სხვა ქვეყნებისგან გამჭვირვალობას, უპირველესად, მათთან ველით ამ გამჭვირვალობას იმიტომ, რომ ვხედავთ რეალურად რამდენად დახურული სისტემაა და როგორ მიიღება რეალურად გადაწყვეტილებები, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი „პოლიტიკოს“ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროპულმა კომისიამ შიდა დისციპლინური გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ესტონელი ჰენრიკ ჰოლოლეის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის, გამჭვირვალობის დარღვევისა და ძვირადღირებული საჩუქრების მიღების გამო.
„[ესტონელი მაღალჩინოსნს საქმე] არარის ერთადერთი საქმე. ჩვენ წარსულშიც არაერთი, ძალიან მასშტაბური შემთხვევები ვიცით ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, სხვადასხვა ინსტიტუტში. იმ მომენტში, როდესაც გამჭვირვალობის რაღაც ელემენტები შემოდის სისტემაში, მაშინვე იკვეთება ხოლმე არაერთი გადაცდომა და დარღვევა. შეიძლება ამიტომაც არის ევროკომისიიდან და სხვა უწყებებიდან გაცხოველებული წინააღმდეგობა გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდასთან დაკავშირებით. არადა პირიქით. თუ ისინი ომახიანად ითხოვენ სხვა ქვეყნებისგან გამჭვირვალობას, უპირველესად, მათთან ველით ამ გამჭვირვალობას იმიტომ, რომ ვხედავთ რეალურად რამდენად დახურული სისტემაა და როგორ მიიღება რეალურად გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებები მიიღება არა ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, არამედ ცალკეული არაფორმალური გავლენების და ბიუროკრატების ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მახაშვილმა.