ქართული “ტრაგიკული უვერტიურა“ ლიბანში

ქართული “ტრაგიკული უვერტიურა“ ლიბანში

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი 23 თებერვლიდან საგასტროლოდ მიემგზავრება ლიბანში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ალ ბუსტანის მუსიკისა და ხელოვნების მე-18 საერთაშორისო ფესტივალში.

ამ ერთ-ერთი პრესტიჟული ფესტივალის აუდიტორიისთვის ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრი მრავალფეროვან პროგრამას შეასრულებს – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიას, იოჰანეს ბრამსის მეოთხე სიმფონიას, მეორე კონცერტს ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის, “ტრაგიკულ უვერტიურას“, ფერენც ლისტის პირველ კონცერტს ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის, ბედრჟიხ სმეტანას უვერტიურას ოპერიდან “გაყიდული საპატარძლო“, ანტონინ დვორჟაკის “სლავურ ცეკვებს“, კონცერტს ვიოლონჩელისა და სიმფონიური ორკესტრისთვის, სერგეი პროკოფიევის მეორე კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის. ამ რეპერტუარში ორკესტრი პარტნიორობას გაუწევს პიანისტებს მარტინა ფილიაკს, დენის კოჟუხინს, ვიოლონჩელისტ გოტიე კეპიუშონს.

ქართველი მომღერლები ირინე თაბორიძე, სოფიო ჯანელიძე და ლეგი იმედაშვილი ლიბანის ფილარმონიულ ორკესტრთან და ბეირუთის კონსერვატორიის გუნდთან ერთად გამოვლენ სცენაზე.

ალ ბუსტანის მე-18 საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა კი იქნება 17 და 19 მარტს ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერის “მითრიდატე, პონტოს მეფის“ წარმოდგენა (დამდგმელი დირიჟორი – ჯანლუკა მარჩიანო, დამდგმელი რეჟისორი – დავით საყვარელიძე, დამდგმელი მხატვარი – ნინა კობიაშვილი), რომლის პრემიერა თბილისში 19, 20 თებერვალს შედგა. “მითრიდატეში“ იმღერებენ იანგ იანგი, თეონა დვალი, ირინე თაბორიძე, სოფიო გორდელაძე, სოფიო ჯანელიძე, ირაკლი მურჯიკნელი, ნინო ჩაჩუა, ასევე მონაწილეობას მიიღებენ რუსთაველის თეატრის მსახიობები ნინო კასრაძე, ნინო თარხან-მოურავი, თემიკო ჭიჭინაძე, დავით დარჩია, დავით უფლისაშვილი და ოპერის თეატრის ორკესტრი.

აღნიშნულ კონცერტებსა და სპექტაკლებს წარუძღვება (გარდა 2 მარტის კონცერტისა, როდესაც სადირიჟორო პულტთან იქნება პიტერ ფერანეცი) თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და ალ ბუსტანის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი, დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო.