2012 წლის 1 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, 15 მანქანით სპეცრაზმი ჩამოიყვანეს ხაშურში და თვითონ მიხეილ სააკაშვილი ორჯერ ჩამოვიდა არჩევნების დღეს ხაშურში, აკონტროლებდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ მე არ მომეგო არჩევნები, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვალერი გელაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის 1 ოქტომბერს, საღამოს დამატებით 20 მანქანით შემოიყვანეს სპეცრაზმი, რომლებიც საარჩევნო უბნებში შედიოდნენ, ყუთები გაჰქყონდათ და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მიჰქყონდათ, სადაც ოქმებს ასწორებდნენ.
"მე შემდეგ კამერებით ავიყვანე ხალხი და ვუთხარი, რომ ყველა უბანი გადაეღოთ, რადგან მცოდნოდა, რა ხდებოდა უბნებზე. 15 პიკაპს ჩემი მანქანით დავდევდი, სპეცრაზმელები მერიდებოდნენ და მიდიოდნენ უბნებიდან, ვეღარაფრის გაკეთებას ასწრებდნენ. საღამოს საათებში კიდევ 20 მანქანა შემოიყვანეს პიკაპით და ვეღარ ვასწრებდი ვერაფერს, [საარჩევნო უბნებიდან] გაჰქონდათ ყუთები, ბიულეტენები, რაც მე კამერებითაც დავაფიქსირე, გადაღებულიც გვაქვს. ჯერ მიჰქონდათ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, რადგან მე ერთხელ გავეკიდე სპეცრაზმის მანქანებს და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდნენ, სადაც ოქმებს ასწორებდნენ, ჩემს ხმებს უწერდნენ [თავიანთ კანდიდატს]." - განაცხადა გელაშვილმა.
კითხვაზე, ვინ ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს ვალერი გელაშვილმა აღნიშნა: "სერგო ქიტიაშვილი, რომელიც მე გავზარდე, ჩემთან იყო ხოლმე ოფისში." "ნაცმოძრაობის" ცენტრალური ოფისიდან კი, გელაშვილის თქმით, ხაშურში ერთი მინისტრი იყო, თუმცა, მის ვინაობას ვერ იხსენებს. "ძალოვნებიდან არ იყო, არ მახსოვს გვარი. მგონი, განათლების მინისტრი უფრო იყო." - განაცხადა მან.